ავსტრალიის ცამეტკაცა რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მელ მანინგა ადასტურებს, რომ „კენგურუები“ „ოლ ბლექს“-ის წინააღმდეგ ითამაშებენ. მატჩი ადაპტირებული წესებით გაიმართება და თითო გუნდში, სავარაუდოდ, 14 მორაგბე იასპარეზებს. ბრისბენული „კურიერ მეილის“ (The Courier Mail) გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ხუთ დეკემბერს გაიმართება.
„მოლაპარაკების პროცესში ვართ ჩართულნი და გვსურს, რომ „კენგურუები“ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს. დიდი სურვილი მაქვს, რომ „ოლ ბლექს“-თან ვითამაშოთ. საუკეთესო ავსტრალიელები – საუკეთესო ახალ ზელანდიელების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა,“ – განაცხადა მანინგამ.
ადგილობრივ პრესასთან ინფორმაცია დაადასტურა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ რობინსონმაც – „გვინდა „კენგურუებთან“ ადაპტირებული წესებით ვითამაშოთ და ამ კუთხით ბევრ სხვადასხვა სცენარზე ვფიქრობთ. ეს კარგი იქნებოდა, როგორც ჩვენი სპორტების პოპულარიზაციისთვის, აგრეთვე ფინანსური კუთხითაც“.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, „ოლ ბლექსი“ ავსტრალიის ნაკრებთან ოთხ ტესტს ოქტომბერში გამართავს და „კენგურუების“ „შავებთან“ დაპირისპირება, დიდი ალბათობით, სწორედ ამ მატჩების შემდეგ შედგება.