ახალი ზელანდია „რაგბი ჩემპიონშიფის“ გამარჯვებულია, სამხრეთ აფრიკა რეიტინგში კვლავ პირველია [ვიდეო] #1TVSPORT

გასულ უქმეებზე „რაგბი ჩემპიონშიფის“ ბოლო ტური გაიმართა და ახალი ზელანდიის ნაკრებმა ჩემპიონობა ნაადრევად, ერთი ტურით ადრე გაიფორმა. ზელანდიისთვის ეს მე-18 ტიტულია ამ ტურნირის რანგში.

მე-5 ტურში სამხრეთ აფრიკის ანგარიშით 19:17 დამარცხების შემდეგ, ზელანდია მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაწინაურდა და პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა მათი პირველობა ხანმოკლე აღმოჩნდა და ბოლო, მე-6 ტურში, ქურციკებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ისევ მე-2 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი ავსტრალიამ დაიკავა. ვოლაბებმა ორივე თამაში ახალ ზელანდიასთან დათმეს, მაგრამ დანარჩენი 4 მატჩის მოგების შემდეგ, 18 ქულით მეორე ადგილს დასჯერდნენ.

მესამე ადგილი მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა – სამხრეთ აფრიკამ დაიკავა, რომელმაც 2021 წლის გათამაშებაში მხოლოდ სამი თამაშის მოგება შეძლო – 2 არგენტინასთან, ერთიც ახალ ზელანდიასთან (ბოლო ტურში, რამაც მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე დააბრუნა).

ბოლო ადგილზე არგენტინა გავიდა. შეგახსენებთ, 2020 წლის გათამაშება, რომელშიც სამხრეთ აფრიკა მონაწილეობას პანდემიის გამო არ იღებდა, არგენტინელებმა მეორე ადგილზე დაასრულეს.