ისტორიული მატჩი | 44 წლის წინ - „დინამომ“ „ლივერპული“ ჩემპიონთა თასიდან გამოაგდო [ვიდეო] #1TVSPORT
ისტორიული მატჩი | 44 წლის წინ - „დინამომ“ „ლივერპული“ ჩემპიონთა თასიდან გამოაგდო [ვიდეო] #1TVSPORT

1979 წლის 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16-ფინალში თბილისის „დინამო“ „ლივერპულს“ შეხვდა, რომელიც მაშინ ევროპის საუკეთესო კლუბი იყო და ზედიზედ ორჯერ, 1977 და 1978 წლებში ჩემპიონთა თასი მოიპოვა. პირველად ინგლისელებმა ფინალში გერმანული მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო მეორედ „ბრიუგე“ – 1:0.

ერთი წლის შემდეგ „დინამოს“ შეხვდნენ და, ბუნებრივია, საბჭოურ კლუბთან ინგლისური გრანდი ფავორიტად ითვლებოდა. „ლივერპულმა“ პირველ შეხვედრაში ეს ვარაუდი ნაწილობრივ გაამართლა – „ენფილდ როუზე“ ჯონსონისა და კეისის გოლებით 2:1 მოიგო. თბილისელების გოლი, რომელიც ჩივაძემ გაიტანა, შემთხვევითობად ჩაითვლა და ინგლისური კლუბის წევრები თბილისში მშვიდად ჩამოვიდნენ, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანათ.

ლეგენდარული „დინამოს“ მეკარე ოთარ გაბელია იხსენებს, რომ ბრიტანეთში გამგზავრებამდე მოსკოვში გუნდს სთხოვეს, რომ დიდი ანგარიშით არ წაეგო.

„ტრადიციულად, მოსკოვიდან გავფრინდით. მანამდე რუსები გვეუბნებოდნენ, თქვენი მთავარი ამოცანა ისაა, როგორმე დიდი ანგარიშით არ წააგოთო. „ლივერპული“ მაშინ დიდებული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მთელი ბრიტანეთის ნაკრები,“ – ამბობს ოთარ გაბელია.

თბილისურ შეხვედრაში სტუმრებისკენ იყო ამინდიც – მატჩი ბრიტანულ გარემოში გაიმართა, თამაშის დროს გადაუღებლად წვიმდა. მაგრამ ვერც პროგნოზებმა, ვერც მეტოქის სახელმა და კლასმა ნოდარ ახალკაცის გუნდი ვერ შეაშინა, რადგან თავად იყო ვარსკვლავების გუნდი.

ტრიბუნებზე შეკრებილი 90 ათასი გულშემატკივარი „დინამომ“ ლამაზი, შემტევი და შედეგიანი თამაშით გაახარა და ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ნაკრების ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გრანდი 3:0 დაამარცხა.

სამივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. დავით ყიფიანის შესანიშნავი გადაცემით ანგარიში 55-ე წუთზე ვლადიმირ გუცაევმა გახსნა. 20 წუთში გიორგი ჭილაიას მშვენიერი დრიბლინგი რამაზ შენგელიამ გაუგრძელა, რომელმაც მეორედ აიღო „ლივერპულის“ კარი, საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ პენალტით დააფიქსირა და „დინამომ“ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული მოგება ჩაიწერა – 3:0.


დინამო (თბილისი) – ლივერპული (ლივერპული, ინგლისი) 3:0


3 ოქტომბერი, 1979. 1/16-ფინალი. თბილისი, „დინამოს სტადიონი“

90000 მაყურებელი

გოლები: 1:0 ვლადიმერ გუცაევი (55), 2:0 რამაზ შენგელია (75), 3:0 ალექსანდრე ჩივაძე (81, პენ)

„დინამო“: ოთარ გაბელია, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, გიორგი ჭილაია, ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია

მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

„ლივერპული“: რეი კლემენსი, ფილ ნილი, რეი კენედი, ფილ თომფსონი (კაპ), ალან ჰანსენი, კოლინ ირვინი, კენი დალგლიში, ჯიმი კეისი (77. დევიდ ფეირკლაფი), დევიდ ჯონსონი, ტერი მაკდერმოტი, გრემ სუნესი

მთავარი მწვრთნელი: ბობ პეისლი

მსაჯები: ჰ. ედლინგერი; ჰ. იოფი, ა. ულმი (გფრ)