ისტორიულ მონაცემებში აღმოაჩინეს დედამიწაზე 40-ჯერ განიერი მზის ლაქა, რომელიც აჩვენებს, რომ მზეს სუპერამოფრქვევები შეუძლია — #1tvმეცნიერება
მზის ანთებები არის რადიაციის უზარმაზარი ამოფრქვევებია მზის ზედაპირზე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე. ყველაზე ძლიერი ამოფრქვევები მილიარდი წყალბადის ბომბის ეკვივალენტ ენერგიას გამოყოფს.
ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი და ატმოსფერო, ასევე ათეულობით მილიონი კილომეტრის მანძილი ამ ამოფრქვევებისა და სხვა კოსმოსური ამინდისგან გვიცავს.
თუმცა, ჩვენი მზის მსგავს, მაგრამ შორეულ ვარსკვლავებზე დაფიქსირებულია ე. წ. სუპერამოფრქვევები — ასეულობით ათასჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე მზეზეა დაფიქსირებული.
შეიძლება თუ არა ასეთი სუპერანთებები მზეზეც ამოიფრქვეს? მომხდარა თუ არა ასეთი რამ დედამიწის ისტორიაში, მილიარდობით წლით ადრე, ვიდრე მათ დასაფიქსირებლად საჭირო ინსტრუმენტები გვექნებოდა?
სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სურდათ გერმანიის მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის (MPS) მეცნიერებს.
ჟურნალ Philosophical Transactions of the Royal Society A-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა 2010-2016 წლებში გაზომილი მზის 300 ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა და მათ მიერ გამომუშავებული ენერგია.
„რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ დაკვირვების პერიოდში არანაირი სუპერამოფრქვევა არ მომხდარა, მაგრამ ვიპოვეთ სტატისტიკური კავშირი გამოყოფილ ენერგიასა და აქტიური რეგიონის ზომას შორის, რომელიც უფრო ძლიერ მოვლენებზეც უნდა ვრცელდებოდეს“, — ამბობს MPS-ის ასტროფიზიკოსი ნატალი კრივოვა.
მზის თითოეული ამოფრქვევის შესაბამისი აქტიური რეგიონის შესწავლით (მაგნიტური აშლილობები, რომელთა ფონზეც ხდება ამოფრქვევები და რომლებიც ხშირად მუქ მზის ლაქებს მოიცავს), მკვლევრებმა გამოთვალეს როგორ შეესაბამებოდა ენერგია აქტიური რეგიონის ზომას.
შემდეგ დაუბრუნდნენ მზეზე აღრიცხულ უდიდეს ლაქებს — ჩანაწერებს, რომლებიც გასულ ოთხ საუკუნეს მოიცავს. გამოიკვეთა ერთი მზის ლაქა: გიგანტური ლაქა, რომელსაც 1947 წელს დააკვირდნენ და ფარავდა მზის ხილული დისკოს დაახლოებით 0,6 პროცენტს.
ამ ზომის მზის ლაქას, ანუ დედამიწის დიამეტრზე დაახლოებით 40-ჯერ დიდს, თეორიულად უნდა წარმოექმნა ამოფრქვევა, რომელიც სხვა ვარსკვლავებზე დაფიქსირებულ სუპერამოფრქვევათა დიაპაზონის ქვედა ზღვარს აღწევს.

„ჩვენს მზეს სუპერამოფრქვევების პოტენციალი აქვს. შეუძლია წარმოქმნას მასიური მზის ლაქები, რომლებიც პრინციპში არის რადიაციის ყველაზე ექსტრემალურ ამოფრქვევათა საწყისი წერტილი“, — ამბობს კრივოვა.
ეს შეესაბამება არსებულ მტკიცებულებებს მზის ნაწილაკების ექსტრემალური მოვლენების (ESPE) შესახებ — რადიაციის შტორმების, ბევრად აღემატება ისტორიაში პირდაპირ დაფიქსირებულ ნებისმიერ მოვლენას. ჩვენ ეს მოვლენები არ გვინახავს, მაგრამ მათი ნიშნები არსებობს ხის რგოლებში.
შესაბამისად, ვიცით, რომ დედამიწას გადატანილი აქვს მზის ნაწილაკების ექსტრემალური მოვლენები; ახალი კვლევის თანახმად კი, ისინი შეიძლება სწორედ სუპერამოფრქვევებმა გამოიწვია.
კრივოვა ასევე არის კიდევ ერთი სხვა კვლევის ავტორი, რომელიც ცოტა ხნის წინ Philosophical Transactions of the Royal Society A-ში გამოქვეყნდა და უფრო დეტალურად მიმოიხილავს კავშირს მზის ნაწილაკების ექსტრემალური მოვლენებსა და სუპერამოფრქვევებს შორის. წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად, სუპერამოფრქვევებს შეუძლია მზის ნაწილაკების ექსტრემალური მოვლენების გამოწვევა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა გარემო პირობები შესაფერისია ენერგეტიკული ნაწილაკების კოსმოსში გაქცევისთვის.
დავუბრუნდეთ პირველ კვლევას. მკვლევართა განცხადებით, კავშირი მზის ნაწილაკების ექსტრემალური მოვლენებსა და სუპერამოფრქვევებს შორის არის ის, რისი კვლევაც უნდა გაგრძელდეს. უფრო დეტალური მოდელირება, იმის შესწავლა, თუ როგორ ერთიანდება მზის ლაქები და ასევე მაგნიტური ველის ის გარემო პირობები, რომლებიც სუპერამოფრქვევებს შემოსაზღვრულად ინარჩუნებს — ძალიან მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული იქნება, მზის სამომავლო შტორმებს აქვს პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს იმ ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურას, რომლებზეც დღეს ძლიერ ვართ დამოკიდებული. შედეგად, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, როდის და როგორ შეიძლება ამოიფრქვეს მზე.
„ჩვენი მიზანი იყო ისტორიულ მონაცემებში დაფიქსირებული მზის ლაქების ყველაზე ექსტრემალური ჯგუფების მიერ წარმოქმნილი ანთებების მაქსიმალური შესაძლო ენერგიის ზღვრების დადგენა. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ანალიზი არ განიხილავს ასეთი მოვლენების ალბათობას ან მოსალოდნელ სიხშირეს“, — წერენ მკვლევრები.
კვლევები Philosophical Transactions of the Royal Society A-ში გამოქვეყნდა და შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.
მომზადებულია mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.