ისრაელში კარანტინი მკაცრდება
ისრაელში კარანტინი მკაცრდება

ისრაელში კარანტინი გამკაცრდება. შესაბამისი ზომები ქნესეთში პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცეს. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ისრაელში ყველა მაღაზია დაიხურება. გამონაკლისს წარმოადგენს სასურსათოები.

ამასთან, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლებიდან ერთ კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილება აკრძალული ექნებათ.

შეზღუდული იქნება რელიგიური შეკრებებისა და დემონსტრაციების ჩატარებაც. მიტინგის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღია სივრცეში, მოედნებზე და აქციაზე კი 20-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობა დაუშვებელი იქნება.

„ჩვენი მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ისრაელში ეროვნული კრიზისია. ჩვენ დავძლევთ ეპიდემიას და უფრო გავძლიერდებით“, – განაცხდა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ქვეყანაში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 7 000-ს აღწევს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულია 212 ათასზე მეტი ადამიანი.