ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე შეტაკებისას ოთხი პალესტინელი დაიღუპა
ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე შეტაკების დროს ოთხი პალესტინელი დაიღუპა, 300-ზე
მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ღაზის სექტორში მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, გარდაცვლილებს შორის სამი 17 წლის ახალგაზრდაა, რომლებიც ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ.
ღაზის სექტორში, ისრაელის საზღვართან დღეს ათიათასობით პალესტინელი შეიკრიბა. მათ „დაბრუნების მარშის“ დემონსტრაციების დაწყებიდან ერთი წლისთავი აღნიშნეს. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორის ბლოკადის დასრულებასა და იძულებით გადაადგილებული პალესტინელების დაბრუნებას ითხოვენ.
ისრაელის ხელისუფლების მონაცემებით, დემონსტრაციაში 40 ათასამდე ადამიანი მონაწილებდა, რომელთაგან ზოგიერთს ასაფეთქებელი ნივთიერებები და ყუმბარები ჰქონდათ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ისრაელის მხარეს მდგარ სამხედროებს ქვები ესროლა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის 30 მარტს „დაბრუნების
მარში“ დაიწყო, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე შეტაკებისას 200-მდე პალესტინელი დაიღუპა. ამასთან, მოკლულია ერთი ისრაელელი სამხედრო.