ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტად არჩევა მსოფლიო ძალებისთვის ნიშანია, რომ ირანთან დაკავშირებით გაიღვიძონ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტად არჩევა მსოფლიო ძალებისთვის ნიშანია, რომ ირანთან დაკავშირებით გაიღვიძონ

ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისის არჩევა მსოფლიო ძალებისთვის ნიშანია, რომ ირანთან დაკავშირებით გაიღვიძონ, –  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახალი მთავრობა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას გააგრძელებს და ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღებას მტკიცედ შეეწინააღმდეგება.

„სასტიკი ჯალათის რეჟიმს არასდროს უნდა ჰქონდეს მასობრივი განადგურების იარაღი, რაც მას საშუალებას მისცემს, მოკლას არა ათასობით, არამედ მილიონობით ადამიანი“, – აღნიშნა ბენეტმა.

ირანის ბირთვული შეთანხმების განახლებაზე ვენაში მოლაპარაკებების დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მანამდე სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი, ე.წ. ხისტი პოზიციის მქონე ებრაჰიმ რაისი გახდა.

რაისი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას აგვისტოდან შეუდგება და ჩაანაცვლებს ზომიერი პოზიციის მქონე ჰასან რუჰანის, რომელსაც მესამე ვადით კენჭისყრის უფლება კონსტიტუციამ არ მისცა.