ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან სარაკეტო იერიში თელ ავივისა და აშკელონის წინააღმდეგ განხორციელდა
ღაზას სექტორიდან სარაკეტო იერიში ისრაელის ქალაქების, თელ ავივისა და აშკელონის წინააღმდეგ განხორციელდა, რაკეტების ნაწილი თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, აშკელონში რაკეტებმა შენობა დააზიანა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არაბული ანკლავიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილებზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი რაკეტა „რკინის გუმბათმა“ ბენ გურიონის აეროპორტის თავზე გაანეიტრალა.
რამდენიმე ადამიანი დაცულ ადგილზე მისვლას ცდილობდა და სირბილის დროს მსუბუქად დაშავდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანს შოკური შეტევა ჰქონდა.
ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 900-ზე მეტი რაკეტა და ნაღმი ისროლეს. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დასახლებულ ადგილებთან „რკინის გუმბათმა“ 96-პროცენტიანი სიზუსტით იმუშავა.