ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლა. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ატა პირდაპირ იყო პასუხისმგებელი ასობით ტერორისტულ თავდასხმაზე ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი ახალ თავდასხმას გეგმავდა. ისრაელის სამხედროებმა საცხოვრებელი სახლის კონკრეტულ ბინაზე მიიტანეს იერიში, სადაც ბაჰა აბუ ალ-ატა იმყოფებოდა. „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ღაზას სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის ქალაქებში, რაკეტის განგაშის სიგნალები ადგილობრივი დროით დილის ექვს საათზე ჩაირთო. რამდენიმე რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.