ისრაელ კაცი – ერდოღანი ქაღალდის სულთანია, რომელიც ანტისემიტურ, პროვოკაციულ გამოსვლებში ძლიერია, მაგრამ სუსტია მოქმედებაში, მოვუწოდებ, შეწყვიტოს ისრაელის საქმეებში ჩარევა

12:00, 24.09.2026

ერდოღანი ქაღალდის სულთანია, რომელიც ძლიერია ანტისემიტურ და პროვოკაციულ გამოსვლებში, მაგრამ სუსტია მოქმედებაში. მოვუწოდებ მას, შეწყვიტოს ისრაელის საქმეებში ჩარევა. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია და იცის, როგორ დაიცვას თავი, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ისრაელ კაცი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოსვლას გამოეხმაურა.

ისრაელ კაცის თქმით, გაერო-ში ერდოღანის გამოსვლა ანტისემიტური და პროვოკაციულ იყო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტი დაჯგუფება „ჰამასს“ უჭერს მხარს, თუმცა ტერორისტები თავდასხმებს აწყობენ, ერდოღანი კი ამაზე დუმს.

„ერდოღანს გაერო-ში ანტისემიტური და პროვოკაციული გამოსვლა ჰქონდა. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ისრაელი „ღაზის ჩვენი ეპოქის ყველაზე არაადამიანურ საკონცენტრაციო ბანაკად“ გადაქცევაში. ეს კაცი, რომელიც „ჰამასის“ მკვლელებსა და მოძალადეებს უჭერს მხარს და აფინანსებს, ადანაშაულებს ისრაელს, რომელიც თავს იცავს ამ ტერორისტული ორგანიზაციისგან. ერდოღანი კარგად გამოდის გამოსვლებში და ოცნებობს ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე, მაგრამ მოქმედებას როცა ეხება საქმე, ის ქაღალდის სულთანი აღმოჩნდა. დღემდე არ უპასუხა ირანის მიერ თურქეთის ტერიტორიაზე გაშვებულ რაკეტებს. ახლა ხელი მოაწერა „მექას შეთანხმებას“ საუდის არაბეთის დასაცავად, მაგრამ „ჰუსიტებმა“ მექაში რაკეტები როცა ესროლეს და მისი ვალდებულების შესრულების დრო დადგა, ის გაქრა. ვთავაზობ, შეწყვიტოს ისრაელის საქმეებში ჩარევა. ისრაელი ძლიერია და იცის, როგორ დაიცვას თავი. ჩვენ არ ვართ ქურთები და დაუცველი ხალხი, რომლებსაც ის დღესაც ჩაგრავს თურქეთში“, – წერს ისრაელ კაცი.

ცნობისთვის, გაერო-ში სიტყვის გამოსვლის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ პალესტინელების უფლებები მუდმივად ირღვევა.

„ჩვენი პალესტინელი ძმებისა და დების მიმართ ჩადენილი ეს უსამართლობა ღრმად შეურაცხყოფს კაცობრიობის სინდისს. გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი აბასი ვერ ახერხებს ჩვენთან პირადად ყოფნას, ჩვენ, როგორც გასულ წელს, გავაგრძელებთ პალესტინის თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოს ნაცვლად საუბარს. მხოლოდ ღაზაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 74 ათასი ჩვენი ძმა და და დავკარგეთ, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო. ჩვენ ისინი დავკარგეთ ისრაელის სახელმწიფო ტერორის აქტების შედეგად“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი