რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სისტემა, რომელშიც 190 მეტი ქვეყნის ნება მხოლოდ ხუთი ქვეყნის ახირებას ექვემდებარება, არ არის სამართლიანი, გაერო-ს უშიშროების საბჭო უნდა რეფორმირდეს

22:06, 22.09.2026

პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარებულია წევრი სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, თუმცა მისი აღმატებულება მაჰმუდ აბასი, პალესტინის სახელმწიფოს პატივცემული პრეზიდენტი, უკვე ორი წელია, ვერ ახერხებს ამ სესიებზე დასწრებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2026 წლის განმავლობაში მსოფლიოში კონფლიქტები, მსხვერპლი და ადამიანების ტანჯვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ჩვენი პალესტინელი ძმებისა და დების მიმართ ჩადენილი ეს უსამართლობა ღრმად შეურაცხყოფს კაცობრიობის სინდისს. გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი აბასი ვერ ახერხებს ჩვენთან პირადად ყოფნას, ჩვენ, როგორც გასულ წელს, გავაგრძელებთ პალესტინის თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოს ნაცვლად საუბარს. ბოლო თორმეტი თვე ისტორიაში შევიდა, როგორც ბოლო ოცდაათი წლის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პერიოდი, რა დროსაც სამოცზე მეტი კონფლიქტი და ომი მოხდა. ღაზიდან უკრაინამდე და რუსეთამდე, მიანმარიდან სუდანამდე, ირანიდან ლიბანამდე, ორას ორმოცდაათი ათასი ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტმა, გაცილებით მეტმა ადამიანმა აღუწერელი ტანჯვა გადაიტანა. ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მიწები, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. მხოლოდ ღაზაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენ 74 ათასი ჩვენი ძმა და და დავკარგეთ, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო. ჩვენ ისინი დავკარგეთ ისრაელის სახელმწიფო ტერორის აქტების შედეგად“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გაერო-მ უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება, რადგან ის მხოლოდ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„მინდა, ნათლად განვაცხადო შემდეგი – ჩვენ ნამდვილად ვართ ერთგული გაერო-ს მიმართ ნდობის აღდგენისკენ, ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას, სინამდვილეში ნათელია. ღაზაში მყოფი ბავშვები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ. პალესტინელი ბავშვები როცა ცას შეხედავენ, უნდა ხედავდნენ ფრანებს და არა გამანადგურებლებს, უპილოტო საფრენ აპარატებს ან დრონებს. ლიბანში მყოფი ბავშვები ღამით დაბომბვების ხმაზე არ უნდა იღვიძებდნენ. აზიელი მუშების შრომა არ უნდა იყოს ექსპლუატირებული დაუნდობელი კაპიტალისტების მიერ. ჩვენი აფრიკელი ძმები და დები მომავალს ისეთივე ნდობითა და იმედით უნდა უყურებდნენ, როგორც წარმატებული ქვეყნების მოქალაქეები. ახლა მხოლოდ ამ გზით შეიძლება გაერო-ს ნდობის აღდგენა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სისტემა, რომელშიც 190 მეტი ქვეყნის ნება მხოლოდ ხუთი ქვეყნის ახირებას ექვემდებარება, არ არის სამართლიანი სისტემა და მას არ შეუძლია, სრულად შთააგონოს მსოფლიო ან დაამყაროს ნდობა. უშიშროების საბჭო აუცილებლად უნდა რეფორმირდეს იმ პრინციპის შესაბამისად, რომ სამყარო ხუთ ქვეყანაზე დიდია“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდეტნმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა, რომ საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით მშვიდობის მიღწევა.

მსგავსი