ისრაელ დეგი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრობს - ხანდახან რაგბი მძულდა
ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად 2011 წელს მსოფლიო თასის მომგები ისრაელ დეგი კარიერის დასრულების შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს, რომლის გამოც თამაშისთვის თავის დანებებას ადრეც ფიქრობდა.
30 წლის მორაგბე, რომელმაც სარაგბო კარიერა გასულ კვირაში, მუხლის ქრონიკული ტრავმის გამო დაასრულა, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წელს მსოფლიო თასზე გუნდში ვერ მოხვდა, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პრობლემები შეექმნა.
„ცუდად ვიყავი, რაგბი მძულდა. ქუჩაში დავდიოდი და ვხედავდი ხალხი როგორ მიყურებდა. ვფიქრობდი, მათ უსუსური, მშიშარა და გამოუსადეგარი ვეგონე. ასე თავი არ უნდა მეგრძნო. მხარდამჭერი ადამიანების ყოლა ძალიან მნიშვენელოვანია. კაცები პრობლემებზე იშვიათად ვსაუბრობთ და ეს არასწორია. ყველაფერს შიგნით ვიტოვებთ და წინაღობების დაძლევას მარტო ვცდილობთ. ეს ძალიან რთულია და შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. მთავარი რაც ვისწავლე, არის ის, რომ ადამიანებთან საუბარი შეიძლება, ტირილი შეიძლება. იყო ეპიზოდები, როდესაც ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ვიტირე, ან ცოლთან ვტიროდი. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ სუსტი და მშიშარა ვარ, მაგრამ ამაზე არ ვდარდობ. ადამიანები ბევრ რამეს განვიცდით და ემოციების გაზიარება ძალიან საჭიროა“, – თქვა მან „ოლ ბლექს პოდკასტში“ (All Blacks podcast) საუბრისას.
მას შემდეგ რაც ტრავმის გამო ექვსი თვე გაუცდა, 2016 წელს დეგი რაგბიში დაბრუნდა, ახალი ზელანდიის ნაკრებში დაუძახეს და 12 შეხვედრაში 10 ლელო დადო.
ახალი ზელანდიის ნაკრების ფსიქიკური ჯანმრთელობის მენეჯერმა ნათან პრაისმა დეგი შეაქო – „ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ეფექტური შეიძლება იყოს დახმარების თხოვნა, ამას ბევრი არ აკეთებს.“