ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ვიზიარებთ შეშფოთებას საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო
ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ვიზიარებთ შეშფოთებას საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო

ისლანდია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გელეგერ პორი „ტვიტერზე“ წერს,

„ისლანდია იზიარებს შეშფოთებას გასული წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, რომელიც კიბერსფეროში პასუხისმგებლიანი ქვეყნის ქცევის ნორმებს არღვევს. ჩვენ უნდა შევქნათ სტაბილური, ღია და თავისუფალი კიბერსივრცე“,- წერს ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.