პირადი ექიმი - სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე, წამლებზე, მითხრა, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას
პირადი ექიმი - სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე, წამლებზე, მითხრა, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას

სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, წამლებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს.

„ხუთი დღე ველოდებოდი და როგორც იქნა ვნახე. ბოლოს რომ ვნახე, ახლა უარეს მდგომარეობას მოველოდი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თურმე ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, მოლოდინს გადააჭარბა. სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, წამლებზე. განწყობა აქვს ძალიან მხნე. კარგა ხანს მელაპარაკებოდა გუშინდელ აქციაზე. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, მაგრამ საუბედუროდ, ეს მომენტიც დადგება. არ უნდა დავივიწყოთ ერთი რამ, ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც სააკაშვილმა მას უთხრა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„პრეზიდენტმა მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს შიმშილობას და ბოლომდე იბრძოლებს. თქვა, რომ ძალიან გაუხარდა გუშინდელი დღე. მიაჩნია, ძალიან დიდი, საინტერესო, კარგი აქცია იყო“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კითხვაზე, რატომ დაინიშნა სამშაბათი დღე ანალიზების ჩასატარებლად, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ეს სამინისტროს პრეროგატივაა.

„ვერ გეტყვით, ეს სამინისტროს პრეროგატივაა. წინა ანალიზი გაკეთდა ორი-სამი დღის წინ, ასე რომ, არაუშავს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლოზ ყიფშიძემ ასევე განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ხვალაც აპირებს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა. „როდესაც დასტურს მივიღებთ პაციენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, უკვე ექსპერტები მულტიფუნქციური ჯგუფის სამუშაო რეჟიმში ჩაერთვებიან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.