ეკატერინე ტიკარაძე - მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის გაეზიარებინა, ველოდებით პაციენტისგან თანხმობას
ეკატერინე ტიკარაძე - მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის გაეზიარებინა, ველოდებით პაციენტისგან თანხმობას

როდესაც დასტურს მივიღებთ პაციენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, უკვე ექსპერტები მულტიფუნქციური ჯგუფის სამუშაო რეჟიმში ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა.

„ექსპერტთა ჯგუფი შევახვედრეთ პაციენტის პირად ექიმს, რათა მომხდარიყო მათ შორის კომუნიკაცია და სწორედ ამ შეხვედრით მიგვეღო დასტური იმის შესახებ, რომ ეს ექსპერტები არიან მისაღები პირველ რიგში, პაციენტის პირადი ექიმისთვის.

ამ ეტაპისთვის ჩვენ ველოდებით პაციენტისგან თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ჯანმრთელობის ის მონაცემები, რომელიც მის პირად ექიმს გააჩნია. იმის შემდეგ კი, როცა დასტურს მივიღებთ პაციენტისგან, უკვე ჩაერთვებიან ექსპერტები ამ მოცემული ჯგუფის სამუშაო რეჟიმში. გვიჭირს ხოლმე კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რაც არის კონფიდენციალური. ხშირად აღვნიშნავთ იმას, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია და ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს არ ჰქონია თანხმობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს ესაუბრა.

„მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის გაეზიარებინა. ველოდებით ამ ეტაპზე პაციენტისგან თანხმობას და ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე საჭირო ყველა გამოსავალზე, რაც შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს.

არ მაქვს მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა საჭიროება იქნება გამოკვეთილი, შეირჩევა ჯგუფის მუშაობის ინტენსივობაც და ფორმატიც. ამ ეტაპზე მუშაობს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. ყოველივე ამის შეჯერება მათთან ერთად მოხდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი