ის იყო ჩვენი მესიც, მარადონაც და პელეც - დღეს ლეგენდარული მიხეილ მესხის დაბადების დღეა (ვიდეო)

დღეს, 12 იანვარს ლეგენდარული მიხეილ მესხის დაბადების დღეა – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელის, ვინც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვა და ხალხის გამორჩეული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა. სლავა მეტრეველთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ ქართული ფეხბურთი გაიცნო.

თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1954–1969) და „ლოკომოტივში“ (1970) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ფლობდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილსა და საფეხბურთო ტექნიკას, რაც მაყურებელს განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა. შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარცხენა გარემარბად. საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1959–1966 წლებში თამაშობდა. 1960 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ითამაშა 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის თამაშის სანახავად უამრავი ქომაგი დადიოდა. ტაიმებს სტადიონის სხვადასხვა ტრიბუნიდან უყურებდნენ – იქედან, საიდანაც შეიძლებოდა ახლოდან გედევნებინა თვალი მესხის თამაშისთვის. სადაც მესხის ფლანგი იყო, სადაც არ გამოგრჩებოდა მისი არც ერთი ფინტი და მოძრაობა. რაც მთავარია, ის იყო ქართველებისთვის მესიც, მარადონაც და პელეც.

კარიერის დასრულების შემდეგ, 1969-1991 წლებში მუშაობდა საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად. იყო სპორტის დამსახურებული საპატიო ნიშნის ორდენის და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ (როდესაც „დინამომ“ პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონობა) მონაწილე და ერთი გოლის ავტორია. 1998 წელს საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.

2005 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა.

2014 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ხსოვნის უკვდავსაყოფად და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად მისივე სახელობის სტადიონზე აღიმართა ცნობილი ქართველი მოქანდაკის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი მიხეილ მესხის ძეგლი. ნატურალური ზომის ძეგლი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას.