ირმის ნახტომში იშვიათი ტიპის შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომში იშვიათი ტიპის შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ირმის ნახტომში დამალული ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინეს. საშუალო მასის ეს შავი ხვრელი ერთ-ერთია იმ 100 მილიონ წყნარ შავ ხვრელს შორის, რომლებიც სავარაუდოდ, ირმის ნახტომში იმალებიან. აღმოჩენა ვარსკვლავთშორის გაზსა და ღრუბელზე შავი ხვრელის ეფექტების წყალობით მოხერხდა.

შავი ხვრელები იმდენად ძლიერი გრავიტაციის მქონე ობიექტებია, რომ მათგან გაქცევა არაფერს, მათ შორის სინათლესაც არ შეუძლია. ამის გამო, რომ შავი ხვრელი სინათლეს არ გამოყოფს, მათ არსებობას ასტრონომები სხვა ობიექტებზე მათი გრავიტაციის მოქმედების შედეგად ადგენენ. განსხვავებულია შავ ხვრელთა მასები. ზოგიერთი შეიძლება ჩვენს მზეზე ხუთჯერ მძიმე იყოს, ზოგიც სუპერმასიურის კატეგორიას მიეკუთვნებოდეს, მილიონობით და მილიარდობით მზის მასით. ასტრონომთა აზრით, პატარა შავი ხვრელები დროთა განმავლობაში ერთმანეთს ერწყმიან და უფრო დიდ შავ ხვრელებს წარმოქმნიან. თუმცა, საშუალო მასის შავი ხვრელი ამ დრომდე არ არის აღმოჩენილი, რომელსაც ასობით ან ათასობით მზის მასა ექნებოდა.

იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის მკვლევართა ჯგუფმა შუნია ტაკეკავას ხელმძღვანელობით, შენიშნა, რომ ჩვენგან 25 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე გაზის ღრუბელი სახელად HCN–0.009–0.044, უცნაურად ახლოს მიემართება გალაქტიკის ცენტრისკენ. მაღალი რეზოლუციის დაკვირვებებისთვის ისინი ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებულ რადიოტელსკოპ „ალმას“ იყენებდნენ. შედეგად, შენიშნეს, რომ ღრუბელი მორევისებურად მოძრაობს უხილავი, მასიური ობიექტის გარშემო.

ტაკეკავას განცხადებით, დეტალურმა კინემატიკურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ მზის სისტემაზე პატარა რეგიონში თავს იყრის უზარმაზარი, ჩვენს მზეზე 30 000-ჯერ მეტი მასა. ამ ფაქტს ემატება ისიც, რომ იქ არ შეიმჩნევა რომელიმე სხვა დაკვირვებადი ობიექტი, რაც ძლიერ მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს საშუალო ზომის სუპერმასიურ შავ ხვრელთან.

კეიოს უნივერსიტეტის პროფესორისა და კვლევის თანაავტორი ტომოჰარუ ოკას განცხადებით, ეს აღმოჩენა იმითაცაა განსაკუთრებული, რომ საშუალო მასის მქონე შავ ხვრელს მათ გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელიდან სულ რაღაც 20 სინათლის წლის მანძილზე მიაგნეს. მომავალში, მას ეს სუპერმასიური შავი ხვრელი აუცილებლად შთანთქავს, ზუსტად ისე, როგორც ახლა ის ჭამს გაზს.

მომზადებულია almaobservatory.org-ის მიხედვით.