ირმა პავლიაშვილი - ჩემი ძმა და ლევან ქუტაშვილი ე.წ. საზღვარს სავარაუდოდ მას შემდეგ გადმოკვეთენ, როცა არჩილ ტატუნაშვილს გადმოასვენებენ
ირმა პავლიაშვილი - ჩემი ძმა და ლევან ქუტაშვილი ე.წ. საზღვარს სავარაუდოდ მას შემდეგ გადმოკვეთენ, როცა არჩილ ტატუნაშვილს გადმოასვენებენ

ცხინვალის ე.წ. ციხიდან გათავისუფლებული იოსებ პავლიაშვილის დის განცხადებით, მისი ძმა და ლევან ქუტაშვილი კვლავ ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.

ირმა პავლიაშვილი ვარაუდობს, რომ ისინი ე.წ. საზღვარს მას შემდეგ გადმოკვეთენ, როცა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება მოხდება.

„გათავისუფლებულები არიან, დედასთან არიან ახალგორში. სავარაუდოდ როცა ტატუნაშვილს გადმოასვენებენ, მას შემდეგ დააბრუნებენ მასაც. არ ვიცით რატომ მოხდა დაკავება, არ გამოვრიცხავთ, რომ ტატუნაშვილის საქმეს უკავშირდებოდეს მისი დაკავება.

სოსო ​ოკუპირებულ ახალგორში 3-4 წლის განმავლობაში  შედიოდა და პრობლემა არ შექმნია. საბუთებს არ აძლევენ რომ დაბრუნდეს და გადმოკვეთოს ე.წ საზღვარი,” – აცხადებს ირმა პავლიაშვილი.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალიდან სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში გადმოასვენებენ,

როგორც კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს ვადებში მოხდეს, ასევე მოხდეს ორი ადამიანის გადმოყვანა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.