ირმა ნადირაშვილი - ზვიად კუპრავას ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“, ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, ცუდად დაამთავრებს
ირმა ნადირაშვილი - ზვიად კუპრავას ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“, ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, ცუდად დაამთავრებს

კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც არ აზროვნებენ და საუბრობენ ისე, როგორც მამუკა მდინარაძე ან დაჩი ბერაია, ადამიანებს, რომლებიც მიაჩნიათ, რომ პრობლემას უქმნიან „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ზვიად კუპრავასთან ცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, ყველამ ნახა, რომ ზვიად კუპრავას დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, დაამთავრებს ძალიან ცუდად.

„არ შეიძლება, რომ საკუთარი „ტიტუშკები“ დაახვედრო და აცემინო ადამიანები, ვინც შენ არ მოგწონს. ხელისუფლება, ერთი მხრივ, იყენებს ამ მეთოდს და „ევროპული საქართველოს“ კარებთან ყოველ საღამოს ვხედავთ ასეთ ადამიანებს ე.წ. ქართული ოცნების „ტიტუშკებს“ და, მეორე მხრივ, იყენებს პოლიტიკურ დევნის მექანიზმს. იცით, რომ დღეს ციხეში არის ბევრი პოლიტიკური პატიმარი, ასეთი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი არ გრძნობს თავს მყარად. თავს როცა მყარად გრძნობ, არჩევნებს მოიგებ, მაშინ არ არის საჭირო პოლიტიკური მოსუფთავება და, მაგალითად, გიგი უგულავას გამომწყვდევა ციხეში. არ არის საჭირო კარებთან დახვდე ზვიად კუპრავას და აცემინო საკუთარ „ტიტუშკებს“. ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს ასეთ ქმედებების გამო. ეს არის წახალისება ძალადობისკენ, ეს ქმნის ზოგადად ძალადობრივ ფონს მთელ საზოგადოებაში და შემდეგ ეს გამოიხატება კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებაშიც. როდესაც ხედავ, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებას ჩადიან, დაუსჯელი რჩებიან, როდესაც ხედავ ორმაგ სტანდარტებს, როცა შეურაცხყოფას აყენებენ ანრი ოხანაშვილს, მისი ოჯახის წევრებს და ამის გამო ადამიანს ციხეში სვამენ, რაც შეიძლება არის ლეგიტიმური, მაგრამ, მეორე მხრივ, ძიუდოისტებს ახვედრებ გიგი უგულავას და პირიქით ბრალს მას უყენებ, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის შემაშფოთებელი, ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ პასუხს აგებს ვინმე წუხანდელი თავდასხმის გამო, მაგრამ აუცილებელად მოჰყვება პასუხისგება ყველა ასეთ ქმედებას, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ.