ირმა ნადირაშვილი - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ იქცევა
ირმა ნადირაშვილი - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ იქცევა

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ იქცევა, გვახსოვს ფაქტი, როდესაც  შეიწყალა პოლიციელის მკვლელი და შემდეგ თქვა, რომ არ არის ვალდებული, ვინმეს რამე აუხსნას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, სწორედ ის არის პრობლემა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლის წინაშე თავს ვალდებულად არ მიიჩნევს.

„ის ერთადერთი ადამიანის წინაშე მიიჩნევს ვალდებულად თავს და ეს ბიძინა ივანიშვილია. მის მიმართ არის ლოიალური და ასრულებს დავალებებს, რომელსაც იღებს მთავრობიდან. შესაბამისად, ეს არის სამარცხვინო ქალი, რომელიც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, რა რეაქცია მოჰყვება, რამდენად სწორია მისი ქმედება. რამე მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ პოლიციელების მკვლელები და ადამიანები, ვინც სხვისი სიცოცხლე შეიწირა, ციხიდან გარეთ ასე არ გამოდიოდნენ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

დატოვე კომენტარი