ირმა ინაშვილი - წლების განმავლობაში ეუთო და სხვა ორგანიზაციები ყოველთვის ორაზროვან დასკვნებს აქვეყნებდნენ, განცდა ჩნდება, რომ გაყალბების ფაქტებს მუდმივად ხელს აფარებენ
ირმა ინაშვილი - წლების განმავლობაში ეუთო და სხვა ორგანიზაციები ყოველთვის ორაზროვან დასკვნებს აქვეყნებდნენ, განცდა ჩნდება, რომ გაყალბების ფაქტებს მუდმივად ხელს აფარებენ

ეს დასკვნა ვერაფერს შეცვლის. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველა არჩევნები ყალბდებოდა ქვეყანაში მეტ-ნაკლები დოზებით, მაგრამ რაც მოხდა 2020 წლის 31 ოქტომბერს, ამას უკვე ჰქონდა გაცილებით დიდი მასშტაბი. იმდენად დიდი მასშტაბი, რომ საქართველოში ყველამ გაიგო, არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა.

„სამწუხაროა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იგივე ეუთო და სხვა ორგანიზაციები ყოველთვის დებდნენ რაღაც ორაზროვან, ძალიან ბუნდოვან დასკვნებს მხოლოდ ხარვეზების შესახებ და არა იმ ფუნდამენტური გაყალბების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. მე ეუთოსთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით ვაკეთებ ამ განცხადებას, თითქოს ისეთი განცდა რჩება ამ განცხადებების შემდეგ, რომ მუდმივად ხელს აფარებენ გაყალბების ფაქტებს და ხაზს უსვამენ მხოლოდ იმას, რომ იყო გარკვეული ხარვეზი. ჩვენ ვლაპარაკობთ სისხლის სამართლის დანაშაულზე, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას გუშინდელ განცხადებას, ამასთან დაკავშირებით ინაშვილმა აღნიშნა, რომ ბრაიზას განცხადებები მას არ აინტერესებს.
„არანაირად არ მაინტერესებს ბრაიზას განცხადებები და არ მიმაჩნია, რომ კომენტარები უნდა ვაკეთო ბრაიზას განცხადებებზე. ბრაიზამ იმდენად ბევრი ცუდი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ჩამონათვალს ერთი ბრიფინგი არ ეყოფა, ამიტომ არ ვთვლი, რომ საინტერესოა“, – აღნიშნა ინაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ მონაწილეობა მიიღო ონლაინკონფერენციაში, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი იყო.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, აიღეთ მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ, თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

„ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად. რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ“, – განაცხადა ბრაიზამ.

რაც შეეხება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიშს, IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.

 

დატოვე კომენტარი