მეთიუ ბრაიზა - ოპოზიციაში ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები მათი კავალერია იქნება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ
მეთიუ ბრაიზა - ოპოზიციაში ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები მათი კავალერია იქნება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ

ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად. რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციის დროს განაცხადა, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი იყო.

როგორც ​მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

„ჩვენ შეგვიძლია დახმარება საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და არსებული კრიზისის დეესკალაციაში. ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია. პრეზიდენტ მიშელი ვიზიტიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის 6-პუნქტის შემუშავება, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი ძალა მოილაპარაკებენ. კრისტიან დანიელსონი არის ხისტი, სამართლიანი და ინტერესიანი დიპლომატი. მას ნამდვილად აღელვებს ის საკითხები, რაზეც მუშაობს. ჩემი აზრით, ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რომ უფსკრულის პირზე მყოფი ორივე მხარე მოლაპარაკებები მაგიდასთან დააბრუნო“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მისივე თქმით ქართველებს აქვთ მიდრეკილება, რომ უფსკრულს მიუახლოვდნენ, მაგრამ როგორც წესი, ისინი უფსკრულში არ ვარდებიან.

„რაც მთავრობამ გააკეთა, ვგულისხმობ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის დაკავებას, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ის უნდა გათავისუფლდეს და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გაგრძელდეს. ასეთი უნდა იყოს ჩვენი გზავნილი მთავრობისადმი, თუმცა უნდა დავიცვათ ბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ, საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის უკვე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ. ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად. რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ. ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. ისინი აქტიურები არიან და ცდილობენ, შეთანხმებას მიაღწიონ წინ წასაწევად, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ექვსპუნქტიანი გეგმა ფარავს“, – განაცხადა ბრაიზამ.

მისივე თქმით, ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები იყო ხარვეზებით, მაგრამ ფუნდამენტურად კონკურენტული და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. „ცუდია თუ კარგი გადაწყვეტილება, ეს უკვე მომხდარი ფაქტია“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა მოძებნოს გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა მუშაობა გაგრძელდეს.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა წინ წასაწევი გზა მოიძებნოს და მუშაობა გაგრძელდეს. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა. ამას გირჩევთ, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ამას, რომ ოპოზიციის ხელში ინსტრუმენტად ვიქცეთ, იმ შემთხვევაში კი, როდესაც ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს დემოკრატიას და ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.