ირმა ინაშვილი შსს-ს მოუწოდებს, მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი გაიწვიოს
ირმა ინაშვილი შსს-ს მოუწოდებს, მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი გაიწვიოს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიოს, – ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოსთან განაცხადა, სადაც სასულიერო პირებმა მარიხუანას თემაზე პარაკლისი გადაიხადეს და კანონპროექტის ის ნაწილი გააპროტესტეს, რომელიც კანაფის ლეგალურ კულტივაციას გულისხმობს.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ეს არის მოღალატეობრივი კანონპროექტი, რომლის საერთოდ წარდგენაც კი ქართველი ერისა და ქვეყნის შეურაცხყოფაა.

„ყველამ უნდა ვიმოქმედოთ, ერმაც და ბერმაც, ჩვენ ვიმოქმედებთ პარლამენტის სივრცეში და პარლამენტის სივრცის მიღმა.

აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ კანონპროექტს პარლამენტის ფარგლებს გარეთ, ქუჩის სივრციდან. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ კანონპროექტის ავტორებს, ერთი კვირა დღეა დარჩენილი, გაიწვიონ ორშაბათს ეს კანონპროექტი პარლამენტიდან.

როგორც ვიცი, ბიუროზე უნდა მოხდეს ორშაბათს განხილვა ამ კანონპროექტის, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაიწვიონ ეს მოღალატეობრივი, სამარცხვინო კანონპროექტი. აი ასეთი მარტივია ჩვენი პოზიცია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველ ხალხს მოერევა და მოახდენს საქართველოს ესკობარიზაციას, აი, ძალიან ცდებით რა, მწარედ ცდებით ყველა, ვისაც გინდათ, რომ საქართველოსგან შექმნათ კოლუმბია. ქართველი ხალხი ექსპორტზე ყველას გაგიშვებთ ავღანეთში, მთელ ხელისუფლებას და დანარჩენებს კიდე.

ეს ერისა და ბერის, სასულიერო და საერო პირების საერთო საქმეა. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის ან პარტიის, ან ერთი მღვდელმსახურის საქმე, ყველამ უნდა გავაპროტესტოთ, როგორც შეგვიძლია, სადაც შეგვიძლია და მერე ვაჩვენოთ ჩვენი ძალა.

მინდა მივმართო დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ყველამ გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს პარლამენტის წევრებს დღეს და ყველას მოვუწოდებ, შემოუერთდეს ჩემს მოწოდებას, უკან გაიწვიონ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, ხვალ სასულიერო პირები სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს

მანამდე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.

დატოვე კომენტარი