ირმა ინაშვილი - პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში და მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ
ირმა ინაშვილი - პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში და მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ

პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში და მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ. ყველას ველოდები, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველ არხს მისი პარტიის საარჩევნო ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით განუცხადა.

პარტიის ლიდერი მომხდარს ოკუპირებულ აფხაზეთში მის ჩასვლას უკავშირებს.

„გუშინ გვიან ღამით მივიღე ეს ინფორმაცია. მოსალოდნელია ეს ყველაფერი, ისეთი შტურმია ჩვენ წინააღმდეგ, ესეც გასაგებია და ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ ჩავედით აფხაზეთში, გამოჩნდა პატარა სინათლის სხივი ჩვენი ქვეყნისთვის, ამან გააბოროტა სააკაშვილ – ბოკერია და მათი ჯგუფები თბილისში. ასეთივე სააკაშვილ- ბოკერიები არიან სოხუმსა და მოსკოვში, არიან ძალები, რომლებსაც არ სიამოვნებთ ეს.

ძალიან მდაბიო ქმედებაა, თუმცაღა კანონი ამაზე კონკრეტულ სასჯელს ითვალისწინებს და ჩვენი იურისტები იმოქმედებენ. ვერ შეგვაშინებთ, ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში და მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ. ყველას ველოდებით, ვისაც სურვილი აქვს, დააზიანოს ჩემი პლაკატები. პლაკატებს თავი დაანებეთ, მე გელოდებით და მობრძანდით”, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი საჭიროდ მიიჩნევს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყოს.

„მე არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ ჩვენი იურისტები მოქმედებენ. ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს. იქ არის ვიდეოკამერები და თავისუფლად შესაძლებელია იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც დააზიანეს ეს პლაკატი. ჩვენ მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ გზას. ყველა დაისჯება, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს“, – განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი, რომელზეც პარტიის ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახულები, ვარდების მოედანზე საღებავით დააზიანეს.