ირმა ინაშვილი - ის, რომ დევიდ კრამერი არ მიცნობდა, არის დიდი ტყუილი, დასკვნა არის მარტივი - კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი
ირმა ინაშვილი - ის, რომ დევიდ კრამერი არ მიცნობდა, არის დიდი ტყუილი, დასკვნა არის მარტივი - კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი

ის, რომ დევიდ კრამერი არ მიცნობდა, არის დიდი ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რა მოხდა და რატომ მოხდა გუშინ. პირველ რიგში, მინდა, დავიწყო დევიდ კრამერის დიდი ტყუილიდან, თითქოს ის მე არ მიცნობდა და წარმოგიდგინოთ ფოტო. მე და ბატონი კრამერი ერთმანეთს ვიცნობთ ჯერ კიდევ 2010 წლიდან. ფოტო გადაღებულია ვაშინგტონში, მის ოფისში. ჩვენ შევხვდით მას ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. საუბარი იყო იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა საქართველოში. თუმცა, ეს იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. მაშინვე ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ბატონი კრამერი იყო სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის ძალიან აქტიური მხარდამჭერი. ის, რომ კრამერი არ მიცნობდა, არის დიდი ტყუილი. ძალიან კარგად მიცნობდა და კარგად იცის, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი. დასკვნა არის მარტივი – კრამერი არის მატყუარა და გარდა იმისა, რომ არის მატყუარა, არის თავხედი და უზრდელი ადამიანი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელ კონფერენციაზე მარტო მივიდა და განზრახული არ ჰქონია ღონისძიების ჩაშლა.

„მისი ჩაშლა რომ ყოფილიყო ჩემი მიზანი, მოგეხსენებათ, ჩვენს პარტიას მრავალი ათასი მხარდამჭერი ჰყავს და მე ამ 10 000 კაცთან ერთად მივიდოდი ბელინსკის ქუჩაზე, საერთოდ გადაიკეტებოდა მოძრაობა იმ ტერიტორიაზე. არავითარი ჩაშლა ამ კონფერენციის განზრახული არ გვქონდა. მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ მივიდოდი ამ კონფერენციაზე, ერთ-ერთი მთავარი თემა რომ არ ყოფილიყო ბოკერიას მოხსენებაში „პატრიოტთა ალიანსი“ და ჩვენთან მიმართებით რომ არ გავრცელებულიყო უამრავი ტყუილი. მივედი კონფერენციაზე, რათა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიმეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია ჩვენთან დაკავშირებით. საერთოდ, ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი ტიპის კონფერენციები ტარდება ცალმხრივად, მიკერძოებულად და არ გაქვს საშუალება, პასუხი გასცე ოპონენტს, პასუხი გასცე ბოკერიას, რომელმაც ჩვენთან მიმართებით ის დარბაზი გაჟღინთა ტყუილით, სიცრუით და ცილისწამებით“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

​მისივე თქმით, ასევე სიცრუეა, თითქოს მან ე.წ. რუსულ პანელს დაამთხვია კონფერენციაზე მისვლა.

„მოგეხსენებათ, კონფერენცია იხილავდა რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ კონფერენციის მთავარი თემა ძირითადად იყო რუსეთი და რა დღესაც არ უნდა მივსულიყავი, მივიდოდი იმ მომენტში, როდესაც რუსეთთან დაკავშირებული თემატიკა იხილება. არავითარი დამთხვევა არ ყოფილა კონფერენციაზე ჩემს მისვლასა და კონფერენციის თემას შორის, რადგან მთავარი თემა ისედაც რუსეთი იყო“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, როდესაც დევიდ კრამერი თავს უფლებას აძლევს, ხელით შეეხოს საქართველოს მოქალაქეს.

„მიზანმიმართულად არ ვუსვამ ხაზს იმას, რომ მაქვს სტატუსი, ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის წევრი. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია. ის შეეხო ჩემი სახით იმ ამომრჩეველს, ქართველი ხალხის იმ ნაწილს, რომლის სახელითაც მე ვარ წარდგენილი პარლამენტში. ორმაგად სამწუხაროა, როდესაც ყველა დუმილშია, საქართველოს სამარცხვინო მთავრობა და საქართველოს სამარცხვინო პარლამენტი“, – დასძინა ირმა ინაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერი და ინაშვილი შელაპარაკდნენ.