ირმა ინაშვილი - ძალიან ნაადრევია სერგი კაპანაძის, ბოკერიებისა და „ნაცმოძრაობის“ სიხარული, რომ ჩვენი ფრაქცია დაიშლება და ვიცე-სპიკერის პოსტს დავკარგავ
ირმა ინაშვილი - ძალიან ნაადრევია სერგი კაპანაძის, ბოკერიებისა და „ნაცმოძრაობის“ სიხარული, რომ ჩვენი ფრაქცია დაიშლება და ვიცე-სპიკერის პოსტს დავკარგავ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს არ შეხვედრია და მის მიერ ფრაქცია „პატრიოტების“ შესაძლო დატოვებაზე ინფორმაცია არ აქვს.

ინაშვილის თქმით, ამის შესახებ მედიიდან შეიტყო, თუმცა ეს ტრაგედია არ არის.

„არ მიმაჩნია, რომ ტრაგედია ხდება. ცხოვრებაში ხშირად ბევრად უფრო დიდ განსაცდელს შეხვდება. ვფიქრობ, ზედმეტი ემოციები არ არის საჭირო. პირველ რიგში გეტვით, რომ პატივს ვცემ ნატო ჩხეიძეს. ჩვენ მხოლოდ დადებითი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, მასთან არ მქონია შეხვედრა,რომ გვესაუბრა ამ თემებზე“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან, „ომეგას“ ირგვლივ განვითარებული პროცესების შესახებ მან მედიიდან შეიტყო.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩხეიძეს ფრაქციის დატოვების გადაწყევტილება გუნდისგან არასათანადო მხარდაჭერის გამო მიეღო, ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი.

„არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ის არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ თითქოს, პარტიის მხრიდან მას სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდა, მაგრამ მკაფიოდ ვამბობ, შენი გუნდის წევრს რომ მხარდაჭერა გამოუცხადო, ზუსტად უნდა იცოდე რა პროცესთან გაქვს საქმე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცოდით დეტალები „ომეგას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ირმა ინაშვილი თავს იკავებს „იბერიასთან“ დაკავშირებული საკითხის შეფასებისგან და ამბობს, რომ გამოძიება ბევრ საკითხს ახდის ფარდას.

„არ მინდა შევიდე სიღრმეებში და გავაკეთო წინასწარი დასკვნები, რადგან მიდის გამოძიება და გამოძიება ძალიან ბევრ პროცესს ახდის ფარდას. ჩვენ არასდროს გავურბივართ სიმართლეს. ჩვენი ფრაქცია პარლამენტის ტრიბუნიდან საუბრობდა ქართული ბიზნესის პრობლემების შესახებ, არათანაბარი პირობების შესახებ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ირმა ინაშვილი ნატო ჩხეიძეს ურჩევს, სურვილის შემთხვევაში, დატოვოს პარტია, მაგრამ საპარლამენტო ფრაქციაში დარჩეს.

„ნატო ჩხეიძეს ვურჩევ, თუ სურვილი აქვს, პარტია დატოვოს, მაგრამ დარჩეს ფრაქციაში. იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ნაადრევია სერგი კაპანაძის, ბოკერიების და „ნაცმოძრაობის“ სიხარული, რომ დაიშლება „პატრიოტთა ალიანსი“ და ირმა ინაშვილი დაკარგავს ვიცე-სპიკერის პოსტს. არ ვიყავი ვიცე-სპიკერი, მაგრამ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე სააკაშვილისა და ბოკერიას რეჟიმის დემონტაჟში. ვეცდებით, ვნახოთ დეპუტატი, რომლიც გაერთიანდება ჩვენს ფრაქციაში. თუ ვერ ვნახავთ ასეთ დეპუტატს, გავაგრძელებთ იმ რეჟიმში საქმიანობას, რის საშუალებასაც კანონი მოგვცემს“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე არავისთან მიმდინარეობს კონსულტაცია, ვინაიდან მისთვის ჩხეიძის შესახებ ფრაქციის შესაძლო დატოვებაზე ინფორმაცია მოულოდნელი იყო.

„ჩვენ შევთავაზეთ ქალბატონ ნატო ჩხეიძეს მოგვემზადებინა განცხადება პარტიის სახელით, სადაც შეფასდებოდა ეს ვითარება, მოვამზადე კიდეც ეს განცხადება. მინდოდა, მასთან ერთად გამევლო დეტალები, რადგან არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, არ მინდოდა, ისეთი განცხადება გაგვეკეთებინა, რაც მის ბიზნესინტერესებს დააზიანებდა, ვინაიდან არ ვიცი რა ხდება „ომეგას“ საქმეში რეალურად, არ ვიცი მომავალში რა ჩანაწერები გავრცელდება, რა გამოიკვეთება. შევთავაზეთ ერთად შეგვედგინა ამ განცხადების ტექსტი. სამწუხაროდ, ნატო ჩხეიძე აღარ პასუხობდა ჩვენ სატელეფონო ზარებს. გუშინაც ვუკავშირდებოდი მას, მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნე, მაგრამ არ მიპასუხა. სამაგიეროდ, მიპასუხა სატელევიზო ეთერიდან და სწორედ იქიდან გავიგე, რომ ტოვებს ჩვენი პარტიის რიგებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ნატო ჩხეიძემ შესაძლოა, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დატოვოს.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.