ირმა ინაშვილი - ჩვენი პარტიის პოზიცია არის ურყევი, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს
ირმა ინაშვილი - ჩვენი პარტიის პოზიცია არის ურყევი, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს

ჩვენი პარტიის პოზიცია არის ურყევი, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ ქვეყანაში ყალბდება არჩევნები, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ, პოლიტიკოსებმაც და ჩვენმა საზოგადოებამაც, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ მთავარი შეკითხვა – როგორ ქვეყანაში გვინდა ჩვენ ცხოვრება; ქვეყანაში სადაც არჩევნებს აყალბებენ, ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ და შევდივართ პარლამენტში, თუ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ბოლოს და ბოლოს ვატარებთ სამართლიან არჩევნებს და არავის რჩება შეკითხვა, პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
ჩვენი პარტიის პოზიცია არის ურყევი, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ ქვეყანაში ყალბდება არჩევნები, ამაზე ჩვენ თვალს ვხუჭავთ და შევდივართ პარლამენტში და მხიარულად ვაგრძელებთ საპარლამენტო საქმიანობას, სადაც სხვათა შორის ოპოზიციას ყველანაირი ბერკეტი წაართვეს საპარლამენტო საქმიანობის დამახინჯებული რეგლამენტის მიღების შედეგად“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა შესაცვლელია.

„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი ქვეყანაში; მთელი პოლიტიკური სისტემაა შესაცვლელი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ პოლიტიკოსები, ამისთვის უნდა ვიღვაწოთ, ვიქნებით თუ არა პარლამენტში,  თუ არა, უნდა ვიშრომოთ, რომ ნორმალური პოლიტიკური სისტემა ავაშენოთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ნურავინ იფიქრებს, რომ გააყალბებს არჩევნებს და დარჩება დაუსჯელი.

ინაშვილი „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არავის აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში“.

„ირაკლი კობახიძე არის მატყუარა, ძალიან მდაბიო ცილისმწამებელი, არჩევნების გამყალბებელი, მე მახსოვს, არჩევნების გამყალბებელი იყო თინა ხიდაშელი რომელიც, საგარეჯოს არჩევნების გაყალბების მერე, უბაკუნებდა მთელ მთავრობას ფეხებს, მაგრამ ვხედავთ, ახლა ის სად არის – აღარ არის ხელისუფლებაში და ექსპერტია. კობახიძესაც ელის იგივე ბედი. ნურავინ იფიქრებს, რომ გააყალბებს არჩევნებს და დარჩება დაუსჯელი, არ დარჩება.

რაც შეეხება მექანიზმს, უმრავლესობა მაინც, ჩვენი ნების მიუხედავად შეგვიყვანს პარლამენტში, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არის არაკომპეტენტურობის გამოხატილება კობახიძის მხრიდან. არავის აქვს უფლება ჩვენი ნების საწინააღმედგოდ, შეგვიყვანოს ან არ შეგვიყვანოს პარლამენტში, მით უმეტეს კობახიძეს და უმრავლესობას არ აქვს ამის უფლება.

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც დღეს ამბობს, რომ არ შედის პარლამენტში, გააკეთოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის უარის თქმა განცხადებების ფორმირების საშუალებით, ანუ მთელი სიითი შემადგენლობის ნაწილმა , აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა დაწეროს განცხადება უარზე და ერთად შევიტანოთ ეს განცხადებები ცესკო-ში. ამით ყველანაირი პრობლემა მოიხსნება და 45 დღეში დაინიშნება არჩევნები. მე დავაყენე ეს ინიციატივა და კიდევ მოვუწოდებ, რომ წავიდეთ ამ გზით. მიდის მსჯელობა.
კობახიძემ ჩაიხედოს კანონში საჯარო მოსამსახურეების შესახებ, არავის აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში“, – განაცხადა ინაშვილმა.