ირლანდიიდან საქართველოში - კალანდრიშვილი წყალტუბოში ითამაშებს
ირლანდიიდან საქართველოში - კალანდრიშვილი წყალტუბოში ითამაშებს

წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელიც ეროვნული ლიგისთვის დაკომპლექტებას განაგრძობს, კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა, ახალწვეული ბოლოს ირლანდიაში თამაშობდა, – ინფორმაციას „სამგურალის“ ვებგვერდი ავრცელებს.

წყალტუბოს გუნდის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი 22 წლის ნიკა კალანდარიშვილთან გააფორმა, რომელიც იმ იშვიათ ქართველ მოთამაშეთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ირლანდიის საფეხბურთო ლიგის კლუბში თამაშობდა. ხელშეკრულება სამ წელზეა გათვლილი.

„ახალგაზრდა ფეხბურთელი ამპლუით ფლანგის ნახევარმცველია და ჩვენს გუნდში 2020 წლის ზაფხულის შემდეგ ვარჯიშობს, თუმცა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მოხერხდა“, – წერია „სამგურალის“ ვებგვერდზე.

კალანდარიშვილი თბილისის „დინამოს“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, შემდეგ კი გორის „დილას“ სარეზერვო გუნდის ღირსებას იცავდა. 2018-2019 წლებში კალანდარიშვილი ირლანდიის პირველი დივიზიონის „ათლონ თაუნში“ გამოდიოდა, სადაც კლუბის მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.