ირინა მილორავა - გაზის ტარიფების შენარჩუნება მთავრობის სოციალური პოლიტიკის შედეგია
ირინა მილორავა - გაზის ტარიფების შენარჩუნება მთავრობის სოციალური პოლიტიკის შედეგია

გაზის ტარიფების უმნიშვნელოდ კლება სახელმწიფო კომპანიის – ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელშეწყობით მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ განუცხადა.

მილორავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროსგან კომისიამ წერილი მიიღო, რომლის მიხედვით გაზის მიწოდების ფასი 1000 კუბურ მეტრზე თბილისის შემთხვევაში 105 დოლარიდან 103.7 დოლარამდე, რეგიონებში კი, 105 დოლარიდან 92.25 დოლარამდე მცირდება. შედეგად, შესაძლებელი გახდა არსებული სამომხმარებლო ტარიფების შენარჩუნება და მათი უმნიშვნელოდ შემცირება.

„ეკონომიკის სამინისტროს წერილში ცალსახად მითითებულია, რომ ამ ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო კომპანია – ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ეს არ ხდება აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ ხარჯზე. ეს სოციალური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ამ გადაწყვეტილებით გაატარა მთავრობამ“, – აღნიშნა მილორავამ.

​სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. ამასთან,  0.012 თეთრით დაიკლებს ბუნებრივი გაზის ტარიფი „საქორგგაზის“ აბონენტებისთვის და  0.011 თეთრით  –  „სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის.