ირინა იმერლიშვილი - შედეგი მოსალოდნელი იყო, წარმატებებს ვუსურვებ საკონსტიტუციო სასამართლოს და ახალ თავმჯდომარეს
ირინა იმერლიშვილი - შედეგი მოსალოდნელი იყო, წარმატებებს ვუსურვებ საკონსტიტუციო სასამართლოს და ახალ თავმჯდომარეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი, რომელიც თავმჯდომარის პოსტზე მერაბ ტურავას ოპონენტი იყო, ამბობს, რომ ტურავას არჩევა მოულოდნელი არ ყოფილა. მან ახალ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.

„შედეგი იყო მოსალოდნელი. იყო მხოლოდ თეორიული შანსი, შეცვლილიყო გადაწყვეტილება. ვართ ზრდასრული ადამიანები, ვართ მოსამართლეები და ჩვენს გადაწყვეტილებებზე ვართ პასუხისმგებელნი. წარმატებები სასამართლოს, რომლის ძალა იმაში გამოიხატება, რომ აქ ხშირად განსხვავებული აზრი და პოზიცია ფიქსირდება. არ გვაქვს ერთსულოვნება, ეს არის, რითაც ეს სასამართლო განსხვავდება. ასე რომ, წარმატებებს ვუსურვებ საკონსტიტუციო სასამართლოს და ახალ თავმჯდომარეს“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

მან ასევე განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე მანანა კობახიძემ მერაბ ტურავას სასარგებლოდ არჩევანი მისი ძმის მოსამართლედ დანიშვნის პირობით გააკეთა.

„რაც შეეხება მანანა კობახიძეს, მასთან და მის ძმასთან მაკავშირებს ურთიერთობა, ბევრი პერიოდი გამოვიარეთ ერთად. თუმცა, ეს არის მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. რაიმე ზეწოლაზე მე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა აირჩია. ტურავას კანდიდატურას ხმა ხუთმა მოსამართლემ მისცა, ხოლო ირინა იმერლიშვილს ოთხმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

დატოვე კომენტარი