საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა აირჩიეს. მის კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. მედიასთან ოფიციალური განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ლომთაძემ გააკეთა.

მისი თქმით, თავდაპირველად თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე საკუთარი ხედვები წარადგინეს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა შედგა.

გიორგი ლომთაძის ინფორმაციით, პლენუმი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას და ახლა მთავარი განსახილველი საკითხია, ვინ დაიკავებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ამ დრომდე მერაბ ტურავა იკავებდა, ის პირველ კოლეგიას ხელმძღვანელობდა. მისი თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ კი ახალი მოადგილის არჩევის საჭიროება დადგა.

მერაბ ტურავას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობობაზე კიდევ ერთი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა იყო წარდგენილი. მას ოთხმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ცხრა მოსამართლისგან შედგება. თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით აირჩევა. რეგლამენტით საკუთარ თავს ხმას თავად კანდიდატებიც აძლევენ.