ირინა იმერლიშვილი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა
ირინა იმერლიშვილი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა

მოსამართლე ირინა იმერლიშვილი ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია.

იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე კენჭს ადრეც იყრიდა. მისი თქმით, ორი კანდიდატის არსებობა არჩევანის შესაძლებლობას აჩენს.

„როგორც გახსოვთ, მე კენჭს თავის დროზე ზაზა თავაძესთან ერთადაც ვიყრიდი. მეც ვიყავი ერთ-ერთი კანდიდატი. ჩემი სურვილი სასამართლოს თავმჯდომარეობისა სასამართლოს წევრებისთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა მოსამართლე ვართ და ყველამ თავის წარდგინება გააკეთა, კენჭისყრა ფარულია და პლენუმი, როდესაც ჩაინიშნება, მაშინ გაიმართება“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

მისივე თქმით, ვაკანსიის გაჩენიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა.

„ვფიქრობ, რომ ადრე მოხდება ეს ყველაფერი – ორი კანდიდატურა ვართ, ერთს ხუთმა მოსამართლემ მოუწერა ხელი წარდგინებაზე, მეორეს ოთხმა. მოსამართლეებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს – არაანტაგონისტური, მაგრამ როდესაც განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიციაა, ეს არის ჯანსაღი. ყველა ერთ კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სასამართლო ბევრი განსხვავებული აზრითა და პოზიციით გამორჩევა. მოლოდინს თავად მოსამართლეების წარდგინებები გვეუბნება, როგორც წინ კენჭისყრაში და ამ შემთხვევაშიც არის განსხვავებული აზრი სასამართლოში და არის არჩევანის თავისუფლება სასამართლოში“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა დარეგისტრირდნენ.

დატოვე კომენტარი