საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მერაბ ტურავას გარდა, ირინა იმერლიშვილიც იქნება
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მერაბ ტურავას გარდა, ირინა იმერლიშვილიც იქნება

მოსამართლე მერაბ ტურავა, ხუთი მოსამართლის წარდგენით, უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. რეგისტრაცია დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა.

დეპარტამენტმა ასევე დაადასტურა, რომ მეორე კანდიდატად ოფიციალურად წარდგენილია ირინა იმერლიშვილი. ის ოთხი მოსამართლის წარდგინებით დარეგისტრირდა.

პლენუმი, რომელზეც კენჭისყრა გაიმართება, მომავალ კვირაში, სავარაუდოდ ხუთშაბათს ჩაინიშნება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

„ორივე კანდიდატი უკვე დარეგისტრირებულია. მერაბ ტურავა ხუთი მოსამართლის მხარდაჭერით, ირინა იმერლიშვილის კი ოთხი მოსამართლის მხარდაჭერით. კანდიდატებს უფლება აქვთ, საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ და ასევე კენჭისყრის დროსაც ხმა საკუთარ თავს მისცენ“, – განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ლომთაძემ.

ირინა იმერლიშვილი მოსამართლედ პრეზიდენტის კვოტით განწესდა, მერაბ ტურავა კი პარლამენტის კვოტით.

მერაბ ტურავას კანდიდატურას მხარს უჭერენ: თავად ტურავა, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი, რომელმაც მოსამართლის ფიცი გუშინ დადო.

ირინა იმერლიშვილი წარადგინეს – თავად იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, თამაზ ცაბუტაშვილმა და თეიმურ ტუღუშმა, რომელიც ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.