ირინა ფუტკარაძე - გასათვალისწინებელია დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და ვფიქრობ, „გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი ჩვენს ეთერში უნდა გავიდეს საკმაოდ დახვეწილი 
ირინა ფუტკარაძე - გასათვალისწინებელია დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და ვფიქრობ, „გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი ჩვენს ეთერში უნდა გავიდეს საკმაოდ დახვეწილი 

„გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებული ფილმის „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“ გაშვება-არგაშვებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან ეს არის მენეჯმენტის პრეროგატივა და საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირინა ფუტკარაძემ განაცხადა.

როგორც ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, „გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებული ფილმზე სამეურვეო საბჭო პარასკევს იმსჯელებს.

„საბჭოს უფლებამოსილება არ არის ფილმთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაგრამ ვიმსჯელებთ. ამ საკითხზე გვქონდა სამუშაო შეხვედრა მენეჯმენტთან და ვისაუბრეთ, მენეჯმენტის თითქმის ყველა წარმომადგენელი იყო. ბუნებრივია, მათ აქვთ გარკვეული კითხვები. გენერალურმა დირექტორმა ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დროებით საპარლამენტო კომისიას, სახალხო დამცველს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეგზავნა აღნიშნული ფილმი და მათგან ელოდებიან რეკომენდაციებს. რეალურად, ფილმის გაშვება, არგაშვებაზე, საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან ეს არის მენეჯმენტის პრეროგატივა და საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება. ვინაიდან ფილმში არის გარკვეული საკითხები, რომლებიც კითხვის ნიშნებს იწვევს ბუნებრივია. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ჟურნალისტები არიან თანახმა, რომ გარკვეული კორექტირება შეიტანონ და მენეჯმენტიც ელოდება რეკომენდაციებს.

ბუნებრივია, ისეთს ვერ გაუშვებს მენეჯმენტი, ამ შემთხვევაში, გიორგი გვიმრაძეს გარკვეული კითხვები აქვს. რაღაცები უნდა ჩასწორდეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, ყველა ელოდება ფილმს და ვფიქრობ, ეს ფილმი ჩვენს ეთერში უნდა გავიდეს საკმაოდ დახვეწილი. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ჩვენ ამ საკითხზე მსჯელობა გვექნება თავად ჟურნალისტებთანაც, ვინც მოამზადა ეს ფილმი, მათ მოითხოვეს ჩვენთან შეხვედრა. პარასკევს გვექნება ამაზე მსჯელობა”, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ 15 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა,  რომ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმის „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“ არსებული ფორმით გასაჯაროებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.  გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ ფილმზე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.