ირინე ფრუიძე - ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ
ირინე ფრუიძე - ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინე ფრუიძის მტკიცებით, ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლას ამ მომენტისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ჟურნალისტებთან საუბარში ირინე ფრუიძე გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, გერმანიაში კრიმინალის გაზრდილი ფაქტები მართლაც არის და ასევე გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც, თუმცა ეს კრიტიკული ნიშნები არ არის, რომელმაც შეიძლება თავისუფალი სავიზო რეჟიმი საფრთხის წინაშე დააყენოს.

„საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს როგორც გერმანიის, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და რეადმისიის ხელშეკრულებას ძალიან კარგად ვასრულებთ. ეს თანამშრომლობა გასაგრძელებელია და გერმანიის მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს, რადგან პრობლემები, რომელიც ბოლო პერიოდში წამოიჭრა, მოგვარდეს”, – აღნიშნავს დეპუტატი.

ირინე ფრუიძე უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებაზე საუბრისას ხაზს მოქალაქეთა დამოკიდებულებას უსვამს და აცხადებს, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ეს მონაპოვარი ქვეყანამ შეუნარჩუნოს.

„ამ საკითხის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებასაც მნიშვნელობა აქვს და სასურველია, უვიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტები ნაკლები იყოს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი კითხვები არ წარმოიშვას. ქართველები გარკვეულ შემთხვევებში ფიგურირებენ და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მცირედ გაზრდილია, თუმცა შარშანდელთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი არ ყოფილა. ჩვენ ყველა ამ ფაქტს ყურადღებას ვაქცევთ, საქართველო შესულია უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში და საქართველოს მთავრობა რეადმისიის ხელშეკრულების პირობებს ძალიან კარგად ასრულებს. ქვეყნის იმიჯისთვის სასიამოვნო არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებთან გარკვეული კრიმინალური ფაქტები ასოცირდება. იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვებები არ გვექნება. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს შესაძლებლობაა თითოეული მოქალაქისთვის, რომ ევროპას გაეცნოს. ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.

გერმანული WDR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ითხოვს.

გერმანული მედია წერს, რომ ფედერალური მიწის მთავრობის უკმაყოფილებას საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძლიებლების რაოდენობის ზრდა იწვევს.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა, იოახიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების კამპანია უკვე წამოიწყო.