ირინა აბულაძე - მანანა თურქაძემ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა
ირინა აბულაძე - მანანა თურქაძემ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ მანანა თურქაძემ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

მისივე თქმით, მანანა თურქაძემ განცხადება დაწერა და სამეურვეო საბჭოს მიმართა, რის შემდეგაც საბჭომ მოთხოვნა დაუკმაყოფილა და ამჟამად სკოლაში ოფიციალურად თანამდებობას აღარ იკავებს.

„ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. დეტალები ჩვენც არ ვიცით, რადგან ეს სკოლის შიგნით მიმდინარე პროცესია. ჩვენი ინფორმაციით, მან დაწერა განცხადება და მიმართა სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭომ მოთხოვნა დაუკმაყოფილა და 51-ე სკოლაში ოფიციალურად თანამდებობას აღარ იკავებს. მოვალეობას მისი ერთ-ერთი მოადგილე იკავებს. გადაწყვეტილების მოტივზე საუბარი მასთან არ გვქონია“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. რატომ დატოვა სკოლის დირექტორის თანამდებობა თურქაძემ, ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საკითხსაც უკავშირდებოდეს. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპული დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სწორედ 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ამასთან, საქართველოს პირველი არხი მანანა თურქაძესთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა ვერ მოხერხდა.