ირინა აბულაძე - დირექტორების ვალდებულებაა, ყურადღებით მოეკიდონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, რასაც სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს
ირინა აბულაძე - დირექტორების ვალდებულებაა, ყურადღებით მოეკიდონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, რასაც სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ის პროექტები გააცნეს, რომლებიც სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ეფექტიან ინტეგრაციას ხელს უშლის.

ამასთან, ირინა აბულაძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროსთვის ინკლუზიური განათლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელების ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ სსსმ მოსწავლეებს, რასაც სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისტემაში დანერგილ სერვისებსა და დამატებითი სერვისების იდენტიფიცირებას.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სამინისტრომ 2019 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სპეცმასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, მათი ხელფასი 205 ლარით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, საშუალოდ 20 პროცენტის ფარგლებში ხელფასები გაეზარდათ საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს.

2019-2020 სასწავლო წელს პირველად, მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობა სწორედ ამ კატეგორიის ბავშვებს მიენიჭა. შემუშავდა და დაინერგა ინკლუზიური განათლების საინფორმაციო სისტემა და პროექტი – InclusiveEdu; ჩატარდა 500 საჯარო სკოლის ინდივიდუალური მონიტორინგი; მიმდინარეობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე აქტიური მუშაობა; განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი; 2 წლიდან 6 წლის ჩათვლით, შემუშავდა ბავშვის ინტელექტის შეფასების ტესტი; დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი. განხორციელდა პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი და არარსებული ახალი ქართული ჟესტების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელში განხორციელდება ინკლუზიური განათლების ინტეგრაცია.

როგორც განათლების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წლისთვის დაგეგმილია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა სკოლებში ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის განვითარება, სენსორული დარღვევის (სმენა, მხედველობა) მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, FM და ინდუქციული სისტემის დანერგვა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, ჟესტური ენის განვითარება, მცირემხედველი მოსწავლეების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა; მოსწავლეების სტუდენტების ბრაილის და ხმოვანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, სსსმ მოსწავლეებისთვის არსებული დამატებითი მომსახურებების განვითარება და გამრავალფეროვნება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაზე მუშაობა, სპეციალური მასწავლებლები სერტიფიცირება, ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების სისტემის გამართვა და დანერგვა, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე სსსმ სტუდენტების განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა, განათლების მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფა, განათლების სისტემაში სოციალური პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა, მიმდინარეობს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ახალი დაფინანსების მოდელზე მუშაობა, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება.

დატოვე კომენტარი