ირანში ქალები ფეხბურთზე დაუშვეს
ირანში ქალები ფეხბურთზე დაუშვეს

ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ნება დართო ქალებს – დაესწრონ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს და უგულშემატკივრონ მამაკაცთა ნაკრებს.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეს-სამსახურმა დაწერა, რომ ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰდი ტაჯმა დააკმაყოფილა ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს მოთხოვნა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მაგრამ, ქალებს მატჩებზე დასასწრებად ასევე სჭირდებათ ირანის მთავრობის ნებართვა, რაც ჯერ მისაღები აქვთ.

ქალებს ირანში ფეხბურთის მატჩებზე დასწრება 1981 წლიდან აქვთ აკრძალული. ულტრაკონსერვატულ რელიგიურ ორგანიზაციებში ამტკიცებენ, რომ ქალები არ უნდა იყვნენ ტრიბუნებზე მამაკაცი ფანების უკონტროლო საქციელის მოწმენი.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ირანის ნაკრები ერაყს, ბაჰრეინს, კამბოჯასა და ჰონგ კონგს დაუპირისპირდება.