ირანმა არგენტინის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა
ირანმა არგენტინის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.
გავრცელებულ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ არგენტინის მთავრობამ ირანის წინააღმდეგ მტრული ქმედება განახორციელა, როდესაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC), რომელიც ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური შეიარაღებული ძალების ნაწილია, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, რითაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის გადაწყვეტილება ეფუძნება ორმხრივობის პრინციპსა და 2019 წლის კანონს, სახელწოდებით – „საპასუხო ზომები აშშ-ის მიერ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საპასუხოდ“. კანონი ითვალისწინებს, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც რამე ფორმით ეთანხმება ან მხარს უჭერს აშშ-ის გადაწყვეტილებას, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, საპასუხო ზომებს დაექვემდებარება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, შესაბამისად, ირანი არგენტინის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებს აღნიშნული კანონის მოქმედების სფეროში აქცევს და მათ ტერორისტულ ორგანიზაციებად აცხადებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ არგენტინის მთავრობა პასუხისმგებელი იქნება ყველა იმ შედეგზე, რაც ამ ზომას მოჰყვება.