„პოლიტიკო“ – ნატო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადახედვისთვის ემზადება
„პოლიტიკოს“ ცნობით, ნატო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადახედვისთვის ემზადება.
მედიის ინფორმაციით, ალიანსი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებას პრიორიტეტი მიანიჭოს და სხვა რეგიონებში სამხედრო ოპერაციებისთვის საჭირო რესურსი შეამციროს.
როგორც გამოცემა ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, ალიანსის 32-მა წევრმა სახელმწიფომ ახალი სამხედრო შესაძლებლობების დაგეგმვის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. განხილვის საგანია მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, წევრ ქვეყნებს ერთდროულად უნდა ჰქონდეთ ევროპაში ფართომასშტაბიანი ომისა და მის ფარგლებს გარეთ რამდენიმე შედარებით მცირე კრიზისული ოპერაციის წარმოების შესაძლებლობა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ეს ინიციატივა შეესაბამება ვაშინგტონის მოთხოვნასაც, ნატო-მ ევროპის თავდაცვაზე გადაიტანოს ძირითადი ყურადღება . სტატიის მიხედვით, მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა. დოკუმენტის შეთანხმება თებერვლამდე იგეგმება, ხოლო სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნების დამტკიცება 2029 წლისთვის არის გათვალისწინებული.