ერევანში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

13:23, 11.11.2026

ერევანში, ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი სტეფანავანის მერობის კანდიდატის, 46 წლის არსენ გევორგიანის გარდაცვალების გარემოებების ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 10 ნოემბერს ერევნის პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ევროკავშირისგან სომხეთში ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე მკაფიო რეაგირებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს.

პარტია „ძლიერმა სომხეთმა“ სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ვასილის მარაგოსს წერილობით მიმართა და გევორგიანის გარდაცვალების გარემოებების შესწავლა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება მოითხოვა.

არსენ გევორგიანი 21 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გევორგიანი ბრალდებას უარყოფდა. სომხეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს 10 ნოემბერს დილით ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გევორგიანს გულის გაჩერება დაუფიქსირდა. გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. ოპოზიცია მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას აკისრებს.

მსგავსი