ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო გემებზე იერიში მიიტანეს
ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო გემებზე იერიში მიიტანეს

ირანის სამხედრო ძალები აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აშშ-მა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ირანზე ახალი იერიშები მიიტანა. განცხადების მიხედვით, ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანულ ნავთობტანკერზე და კიდევ ერთ გემზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შედიოდა.

ირანის სამხედრო სპიკერმა აშშ-ის ძალებს „აგრესიული, ტერორისტული და მეკობრული“ უწოდა. მისივე თქმით, აშშ-ის ძალებმა დარტყმები განახორციელეს „სამოქალაქო ტერიტორიებზე“ ბანდარ-ხამირის, სირიკისა და კუნძულ ქეშმის სანაპირო ზოლზე.

ირანული მხარე ამტკიცებს, რომ იერიშები განხორციელდა „რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერით“. ირანის სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ მათ საპასუხო ქმედებები განახორციელეს და აშშ-ის სამხედრო გემებზე იერიში მიიტანეს, რასაც, მათი თქმით, „მნიშვნელოვანი ზიანი“ მოჰყვა.

ამასთან, როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „ენბისი ნიუსს“ განუცხადა, ამერიკულმა ძალებმა ირანში, სულ მცირე, ორ ლოკაციაზე განახორციელეს დარტყმები, კერძოდ, ბანდარ აბასსა და კუნძულ ქეშმზე. წყაროს თქმით, ეს დარტყმები იყო „თავდაცვითი ხასიათის“ და არ ნიშნავს ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლებას.