ირანის ნაკრებს აშშ-ში შესვლის რეჟიმი შეუმსუბუქდა – გუნდი ქვეყანაში ეგვიპტესთან მატჩამდე ორი დღით ადრე ჩავა #1TVSPORT
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დაწესებული შეზღუდვები შეუმსუბუქა და ეგვიპტესთან დაგეგმილ მატჩამდე ქვეყანაში 2 დღით ადრე ჩასვლის ნებართვა მისცა. მანამდე გუნდს ამერიკაში თამაშებამდე წინასწარ ჩასვლა ეკრძალებოდა. ახალი განრიგის მიხედვით, ირანის დელეგაცია აშშ-ში ოთხშაბათს გაემგზავრება, თუმცა შეხვედრის დასრულებისთანავე მათ მექსიკაში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე მოუწევთ დაბრუნება.
უსაფრთხოების ზოგადი პროტოკოლი კვლავ ძალაში რჩება და როგორც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, მათი მთავარი პრიორიტეტი მოთამაშეების, პერსონალისა და გულშემატკივრებისთვის უსაფრთხო ტურნირის უზრუნველყოფაა.
გამგზავრების დეტალები უკვე დაადასტურა ირანის ფეხბურთის ფედერაციამაც. ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა ირანსა და ეგვიპტეს შორის სიეტლში 27 ივნისს გაიმართება.
ირანის ეროვნულ გუნდს აშშ-ში მატჩებზე გამგზავრება მექსიკის ქალაქ ტიხუანიდან უწევს.