ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა
ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა

ირანის ხელისუფლება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ტერორისტული თავდასხმის შესახებ იუწყება. ირანის ვიცე-პრეზიდენტმა, ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალი აკბარ სალეჰმა ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ავარიას „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ირანი დამნაშავეების წინააღმდეგ მოქმედების უფლებას იტოვებს.

ისრაელის რადიოსადგური „კანი“ სადაზვერვო სამსახურების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ კიბერშეტევა ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა, „მოსადმა“ განახორციელა.

მანამდე ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრესსპიკერმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ ნათანზის სადგურზე ინციდენტი ელექტროგადამცემი ქსელის პრობლემამ გამოიწვია.

ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში, უდაბნოში მდებარე ობიექტი ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და მას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები აკონტროლებენ.

ისრაელის რადიო „კანმა“, დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნათანზში ზარალი უფრო დიდი იყო, ვიდრე ირანში განაცხადეს.

ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს. ირანის ოფიციალური ინფორმაციით, ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.