ირანელი ბიზნესმენი ერდოღანს ირანში უკანონოდ ფულის გადარიცხვაში ადანაშაულებს
ირანელი ბიზნესმენი ერდოღანს ირანში უკანონოდ ფულის გადარიცხვაში ადანაშაულებს

თურქეთში მცხოვრებმა ირანელმა ბიზნესმენმა რეზა ზარაბმა თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე ირანის მთავრობისთვის თანხის უკანონოდ გადარიცხვაში დაადანაშაულა. ზარაბმა ამის შესახებ ნიუ-იორკის სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, 2010-2015 წლებში ერდოღანმა და HalkBank-ის ვიცე-პრეზიდენტმა მეჰმეტ ჰაკან ატილამ შეიმუშავეს სქემა, რისი საშუალებითაც ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას მოახერხებდა. ზარაბმა აღნიშნა, რომ 2012 წელს მას ამის შესახებ თურქეთის იმ პერიოდის ეკონომიკის მინისტრმა, ზაფერ ჩაგლაიანმა პირად საუბარში უთხრა. ჩაგლაიანმა სანქციების „დაძლევის“ ხელშეწყობის სანაცვლოდ ირანისგან ქრთამის სახით 50 მილიონი ევრო მიიღო.
რეზა ზარაბი 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს. მას ირანის მთავრობისთვის უკანონოდ თანხის გადარიცხვაში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ედება ბრალი. ზარაბი პროკურატურასთან თანამშრომლობას დათანხმდა. იგი ე.წ. სანქციების საქმეში დღეს მთავარი მოწმეა.

აღნიშნული საქმის გამოძიების დაწყებისთანავე ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაიძაბა. თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ისინი მხოლოდ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.