ირაკლი ზარქუამ ბადრი ჯაფარიძეს მიმართა - 19 აპრილის შეთანხმების პირობებს შორის იყო, რომ მთელი ოპოზიცია შემოსულიყავით პარლამენტში, ხაზარაძემ საერთოდ უარი თქვა პარლამენტზე და გავიდა
ირაკლი ზარქუამ ბადრი ჯაფარიძეს მიმართა - 19 აპრილის შეთანხმების პირობებს შორის იყო, რომ მთელი ოპოზიცია შემოსულიყავით პარლამენტში, ხაზარაძემ საერთოდ უარი თქვა პარლამენტზე და გავიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებიდან ერთ-ერთი იყო, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით შესულიყო პარლამენტში.

„ჩემი კოლეგებისგან, ოპოზიციიდან იმდენი ამბავი მოვისმინე, ზოგი სწორი, ზოგი არასწორი, ზოგი ნახევრად სიცრუე, რომ მინდა, ყველას გავცე პასუხი, მათ შორის დავიწყო ბატონი ბადრისგან. ბადრის მინდა ვუთხრა, თქვენ ახსენეთ 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტი. ბატონო ბადრი, 19 აპრილის შეთანხმების პირობა მათ შორის იყო, რომ მთელი ოპოზიცია შემოსულიყავით და აქ განგეხორციელებინათ თქვენი მანდატი. ამას არ ასრულებთ. მეტიც, თქვენმა კოლეგა ლიდერმა ხაზარაძემ საერთოდ უარი თქვა პარლამენტზე და გავიდა. შემდეგ მეორე – ჩაწერეთ იმ დოკუმენტში 43 პროცენტი, დაარქვით რეფერენდუმი და დამარცხდით საქართველოს მოსახლეობასთან. ბოლოს და ბოლოს, ბატონო ბადრი, აგერ, თქვენი მეზობლები რომ არიან, ცოტა ზემოთ სხედან, გადაარქვეს ფრაქციას სახელი, რადგან აღარ არის აქტუალური. სხვა სახელი ჰქვია ახლა ფრაქციას და მგონი, თქვენ ამ ყველაფერს გიმალავენ თუ რაშია საქმე, ვერ ვხვდები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ შეაფასა ბადრი ჯაფარიძის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ეხებოდა.

„მე ვიყავი საკრებულოში 2017 წელს, დამხვდა იქ გარდამავალი წელი. ძველი მთავრობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი. შემდეგ, როცა შედგა ახალი საკრებულო, ჩვენ რა ცვლილებებიც გვქონდა, შევიტანეთ და ვინ გიშლით ხელს, ახლაც თუ უმრავლესობა გაქვთ. ასე რომ, შევეშვათ სპეკულაციებს, არ არის ეს სწორი. აქცენტირებული იყავით მოსახლეობის იმ საჭიროებებზე, რაც განსაზღვრულია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, ამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რაც გვქონდა მთავრობის და პრემიერის ხელმძღვანელობით, მათ შორის გადაიხედება სოციალური მიმართულება და უფრო სამართლიანი გახდება, აქაც ველოდებით თქვენ გვერდში დგომას, სწორი, ადეკვატური შენიშვნების მიღებას. თუ გაქვთ, კრიტიკას, ეს მისაღებია. მათ შორის ძალიან მისასალმებელია საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია, რომელიც იწყება ახლა და ის უნდა გახდეს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი. ასე რომ, ეკონომიკის კუთხით სწორ რელსებზე მივდივართ და ნუ ეცდებით, ისევ უკან გზების გადაკეტვა, რაღაც ქაოსი, დესტაბილიზაცია შექმნათ. ეს ხომ ნახეთ, ვისი ხელწერაც არის და სწორი გააკეთეთ, რომ გუშინ გაემიჯნეთ, არც ერთი თქვენგანი არ იყავით სასამართლოზე. ესე იგი, გონება გაგეხსნათ. ძალიან მიხარია და გისურვებთ წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მიშელის დოკუმენტზე საუბრისას ირაკლი ზარქუამ რეფორმების ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ხელისუფლება რეფორმების გატარებას კვლავაც განაგრძობს.

„რაც შეეხება რეფორმების ნაწილს, ჩვენ ვთქვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მიშელის დოკუმენტი იქნება ვალიდური თუ – არა, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმას, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნას, სადაც იყო ათი რეკომენდაცია და შვიდზე მეტი უკვე განხორციელებულია. მათ შორის არის თანამდებობის პირების არჩევის პროცედურა, ამაზეც მივიღეთ ცვლილებები. დანარჩენი ახლა, თუ მაინც და მაინც ხელშეკრულება და 19 აპრილი გინდათ, თქვენებმა დაარღვიეს, თქვენმა კოლეგებმა გადაარქვეს, რადგან არ არის აქტუალური. აქედან გამომდინარე, იმედია, ამ ინფორმაციას თქვენც მიიღებთ, რომ ახლა არ არის ეს დღის წესრიგში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებების საპასუხოდაც ისაუბრა.

„აქ იყო საუბარი ეკონომიკასა და გამოწვევებზე. მგონია, რომ სწორ პოლიტიკას ატარებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. დღეს გამოცხადდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, სადაც ოქტომბრის თვეში გვქონდა 6.9 პროცენტი რეალური ეკონომიკური ზრდა, ხოლო მთლიანად ათი თვის მონაცემებით არის 10.5-პროცენტიანი ზრდა. აქ იყო საუბარი, რომ თავს იწონებსო. თავს კი არ იწონებს, ადამიანი, მთელი მთავრობა აქცენტირებულია, რომ ეს რეალიზებული იყოს ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებში, მათ შორის პედაგოგების ხელფასები, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის გაზრდა, სოციალური მიმართულება, რომელიც ისტორიულად არის ყველაზე მაღალი – 6.5 მლრდ ლარამდეა უკვე გაზრდილი. ეს მიუთითებს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ბიუჯეტში გაიზარდა შემოსავლები და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი გვაქვს დაახლოებით 19 796 000 000 ლარით განსაზღვრული. ეს მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს რეგიონში, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროკავშირში. მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ ჩვენი აღქმაა ეს, სავალუტო ფონდის, მათ შორის კვლევებით, მსოფლიო ბანკის ხუთწლიანი პროგნოზით და მოლოდინებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს საქართველოს. ეს უნდა გაიგოთ, ეს უნდა მივიღოთ, მათ შორის საგარეო ვაჭრობაში. ბატონმა ჰერმან საბომ თქვა და მივესალმები მის განცხადებას. მეც მაქსიმალურად და ჩვენი გუნდი იქნება აქცენტირებული სადაც დისკუსია იქნება სწორ, ადეკვატურ, ჯანსაღ იდეებზე და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, თავიდან ბოლომდე მოგყვებით, გავიზიარებთ. ოღონდ, ჩასაფრებულის პოზიციიდან ერთამენთის ხელის გადაგრეხა არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.