ბადრი ჯაფარიძე - 19 აპრილის შეთანხმებას ყოველდღე ფეხქვეშ თელავს „ქართული ოცნება“, მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ვალდებულებების შესრულებას
ბადრი ჯაფარიძე - 19 აპრილის შეთანხმებას ყოველდღე ფეხქვეშ თელავს „ქართული ოცნება“, მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ვალდებულებების შესრულებას

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საკრებულოებში ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხალხმა უარი უთხრა ძველ საკრებულოებს და მათ მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენას, რაც მოხდა წინა კვირას. ეს არის ეგრეთ წოდებული ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოებში. ოპოზიციური უმრავლესობაა საკრებულოებში არჩეული ხალხის მიერ. ამ დამტკიცებას შეიძლება უწოდო მხოლოდ სპეცოპერაცია ბიუჯეტის „გაძვრენის“ მიზნით. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რადგან ხალხმა უარი უთხრა ძველ საკრებულოებს და აირჩია ახალი საკრებულო, რადგან არ მოსწონდა წინა შემადგენლობა. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებმა მაინც უნდა იცხოვრონ იმ შეხედულებებით, რომელიც აქვს უკვე გადარჩეულ საკრებულოს. ჩნდება კითხვა, მაშინ რაღა აზრი აქვს არჩევნებს. სწორედ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ საღი აზრი. როდესაც გვაქვს და გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა, თუ როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“  მერმა იმუშაოს ოპოზიციურ საკრებულოსთან, მუშაობის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ ხელების გადაგრეხა. ეს არის პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯი. როდესაც ოპოზიციას უწოდებ მტერს, დესტრუქციულ ძალას, ეს არის დაპირისპირების გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვნახეთ კარგი მაგალითი, როგორ არაკონსტრუქციულად და კომფრონტაციულად მოიქცა „ქართული ოცნება“, როდესაც ხელების გადაგრეხის გზით „გააძვრინა“ ბიუჯეტები. ამავე დროს, ამ პროცესში სამწუხაროდ, გამოიყენა ცესკო-ს თავმჯდომარეც, რადგან ცხადია, რომ ცესკო-ს სხდომის გაწელვა იყო მიზანდასახულად. 25 ნოემბერს ჩაინიშნა სწორედ იმ მიზნით, რომ გასულიყო ვადა ბიუჯეტებში შენიშვნების შეტანის კუთხით. საუბარი იყო, თითქოს კანონით გათვალისწინებულია, რომ ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი, ეს კანონით კი არ არის გათვალისწინებული, არამედ არის კანონში არსებული ხვრელი, რომელიც იქნა წარმატებით გამოყენებული „ქართული ოცნების“ მიერ. ასეთი ნაბიჯები არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირების გაზრდისკენ მიმართული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 19 აპრილის შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზიტიური დღის წესრიგის განვითარებაზე ორიენტირებისთვის აუცილებელია ამ შეთანხმების ჩარჩოებში დაბრუნება.

მან ხელისუფლებას მოუწოდა, დაუბრუნდნენ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.

„პოზიტიური განვითარების დღის წესრიგი იყო განსაზღვრული 19 აპრილის შეთანხმებით, რომელსაც ყოველდღე ფეხქვეშ თელავს „ქართული ოცნება“. ამიტომ თუ არის სურვილი პოზიტიური დღის წესრიგის განვითარებაზე ორიენტირების, უნდა დაუბრუნდეთ 19 აპრილის შეთანხმებას და შეასრულოთ ვალდებულებები. პოზიტიური დღის წესრიგის არაჩვეულებრივი და ერთადერთი სწორი გზა არის 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ნატო-მ თავის კომუნიკეში შეიყვანა, მაგრამ თქვენ მაინც ფეხქვეშ გათელეთ. ამიტომ მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია 19 აპრილს შეთანხმებით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.