ირაკლი ზარქუა - პენსიონერებს ექნებათ შესაძლებლობა, პენსია სხვა ბანკშიც აიღონ
ირაკლი ზარქუა - პენსიონერებს ექნებათ შესაძლებლობა, პენსია სხვა ბანკშიც აიღონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საპენსიო სესხების საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შედეგებსა და პირობებზე ისაუბრა. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, პენსიონერების საკითხი განსაკუთრებული მზრუნველობის არის.

ოპოზიციონერებიდან მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ალეკო ელისაშვილს, ასევე – ლევან იოსელიანს და აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში ძალიან კონსტრუქციულები და თანმიმდევრულები იყვნენ.

„დღეს ჩვენ შევჯერდით და პირობების მიხედვით, დაახლოებით 15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს. ჩემი გუნდი და მათ შორის ოპოზიციაც იღვწოდა, პროცენტი დაწეულიყო. დაახლოებით 26 პროცენტის ფარგლებში არის ეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს, იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის აღება სხვა ბანკში, აქვთ ამის შესაძლებლობა და ეს იყო ხელშეკრულებაშიც. ეს პოპულიზმი მაინც ვერ მოიშალა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა. ხელშეკრულებაში დავტოვეთ, რომ საკომისიოების გარეშე მოხდება თანხების გატანა-გამოტანა, გადარიცხვა, მათ შორის ოვერდრაფტის ნაწილშიც ესეც 26 პროცენტის ფარგლებში იქნება.

ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ პირს სხვა ბანკში თუ მოუნდება პენსიის აღება, შეუძლია განცხადება დაწეროს „ლიბერთი ბანკში“ და ჩაურიცხავენ სხვა ბანკში უპრობლემოდ. 6 თვის შემდეგ შეუძლიათ ისევ გააგრძელონ. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი. მადლობა მინდა ვუთხრა ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კომისიას.

ჩვენ ვთქვით, რომ პენსიონერების თემა განსაკუთრებული მზრუნველობისაა ჩვენთვის. გვახსოვს, სააკაშვილის დროს 100%-ში გასცემდნენ სესხს, 2009 წლიდან და შემდეგ, ჩვენი ხელმძღვანელობის დროს, შევამცირეთ. ასე იქცევა ხელისუფლება. მადლობა ოპოზიციას, ძალიან კარგად იმუშავეს ასევე ბატონმა ელისაშვილმა და იოსელიანმა, ძალიან კონსტრუქციულები და თანმიმდევრულები იყვნენ. კონკურსის პირობები სავარაუდოდ უახლოეს ერთ კვირაში გამოცხადდება და შემდეგ, გამარჯვებულს რომ შევარჩევთ, ახალი გამარჯვებული კომპანია იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. განხილვაში მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.