ირაკლი ზარქუა - ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდნენ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, ე.ი. ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურებიან?
ირაკლი ზარქუა - ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდნენ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, ე.ი. ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურებიან?

ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდნენ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი, მრჩევლები ერთიც და მეორეც – პოდოლიაკი და არესტოვიჩი. გეკითხებით, ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურებიან?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას, სადაც დეგნანი ამბობს: „როცა მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს, ჩაითრიოს ომში, ეს 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა“.

ირაკლი ზარქუას თქმით, საკითხზე დეგნანის განცხადება მნიშვნელოვანია.

„მინდა, გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას ომთან მიმართებით, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა. მადლობა ამ პოზიციისთვის. მაშინ მე მინდა, შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. მათ შორის ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ, რა ცუდია, რომ საქართველოში სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არიან ხელისუფლებაში, რადგან მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. მაშინ ეს რა არის, ე.ი. ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებდნენ? ანუ მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ. შეგიძლიათ, ერთი თემა მითხრათ, რომ ჩვენმა გუნდის წევრმა თქვა, ამერიკას ომი უნდაო? ერთი მითხარით, ვინ თქვა? დეგნანის განცხადება იყო მნიშვნელოვანი, ის, ვინც საქართველოს ომისკენ ითრევს, არის რუსული ინტერესები და რუსული დეზინფორმაცია, ეს ცალსახად ხომ ითქვა. ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი, მრჩევლები ერთიც და მეორეც – პოდოლიაკი და არესტოვიჩი. გეკითხებით, ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურებიან?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.