ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება დემონსტრირებაა, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ის სტრატეგია და გეგმა, რაც შეთანხმებული გვაქვს ევროპელ პარტნიორებთან
ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება დემონსტრირებაა, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ის სტრატეგია და გეგმა, რაც შეთანხმებული გვაქვს ევროპელ პარტნიორებთან

როდის იყო, რომ არჩევნები საერთაშორისო მისიის გარეშე ჩატარდა, ახლა რატომ უნდა ჩატარდეს, ხელმოცარულები არიან და რითი დაკავდნენ, არ იციან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას კითხვა დაუსვეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვაზე, რომ, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს.

ირაკლი ზარქუას თქმით, მისიის მოწვევა თებერვალშია განსაზღვრული.

„„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ნათელი მაგალითი და დემონსტრირებაა, რომ მათ ფეხებზე ჰკიდიათ ის სტრატეგია და გეგმა, რაც შეთანხმებული გვაქვს ევროპელ პარტნიორებთან. ის რომ წაეკითხათ, ჩვენს გეგმაში ეწერა, რომ 2024 წლის თებერვალში მისიას საქართველოში მოვიწვევთ, მაგრამ დოკუმენტი წაკითხული არ აქვთ და არ იციან. ხელმოცარულები თავიანთ მესიჯებს იქაურ ხელმოცარულებს უგზავნიან, ევროპარლამენტში რომ სხედან – კუბილიუსებსა და ფოტიგებს. ამ სისულელეებს სწორედ მათ ალაპარაკებენ. ვინმეს ევროინტეგრაცია მართლა რომ აინტერესებდეს, მთავრობამ რა შეათანხმა და რა გრაფიკი დადო, ამოვუბეჭდო და ვანახო? თებერვალშია მისიის მოწვევა განსაზღვრული. როდის იყო, რომ არჩევნები საერთაშორისო მისიის გარეშე ჩატარდა? ახლა რატომ უნდა ჩატარდეს? ხელმოცარულები არიან და რითი დაკავდნენ, არ იციან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.